“თუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არის, უბრალოდ, შსს-ს ჯიბის ინსპექტორი და მეტი არაფერი – გამოძიების მიმართ ნდობა არ იქნება”

„დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის თაობაზე და მე ძალიან მინდა, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიყოთ ზედაპირულები“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს დეპუტატები მეტი პრინციპულობით უნდა მოეკიდონ.
„როცა ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტზე ვსაუბრობდით,  ისედაც ბევრ კომპრომისზე წავედით მაშინ, როდესაც გვინდოდა დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ იქნებოდა პარლამენტზე დაქვემდებარებული და იქნებოდა გარანტი იმისა, რომ არცერთი სამართალდარღვევა ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ დარჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, ჩვენ მაინც შევკვეცეთ სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები იმ დონეზე, რომ დღეს ასეთი სრულფასოვანი ინსტიტუტი ვერ შევქმენით, მაგრამ ის, რაც არის, მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა  ახლა თუ ჩვენ ავირჩევთ სახელმწიფო ინსპექტორად პიროვნებას, რომელიც დაკავშირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ძალოვან სტრუქტურებთან, მასინ ეს იდეა იქნება სრულებით დისკრედიტირებული. ამიტომ ძალიან პრინციპულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ძალოვან სტრუქტურებს სჭირდებათ, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც გამოძიებას ნდობას მისცემს.
„ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი, როცა „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში და ეს საკითხი გადადის უკანა პლანზე და ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ვიმეორებთ იმ ხელისუფლების მიერ გავლილ გზას, რომლის მიმართაც ჩვენ თვითონ გვქონდა პრეტენზიები როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას 2012 წლის ოქტომბერს. მგონია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიიღოს პარლამენტმა იქნება ამ იდეის სრული დისკრედიტაციის წინაპირობა, მე მესმის, რომ ვიღაცისთვისა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მესმის ისიც, რომ უმრავლესობაში ბევრი შეიძლება ლობისტებად იქცნენ ძალოვანი სტრუქტურებისა პარლამენტში, მაგრამ სწორედ ძალოვან სტრუქტურებს სჭირდებათ ის, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი რომელიც გამოძიებას მისცემს ნდობას. როცა ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელი, ამ გამოძიების მიმართ ნდობა არ იქნება, თუ საზოგადოება ექნება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არის უბრალოდ შშს-ს ჯიბის ინსპექტორი და მეტი არაფერი. ამიტომაა პრინციპული არჩევანი გასაკეთებელი და მე მგონი „ქართული ოცნება“ ისევ არასწორი მიმართულებით მიდის და დგამს იმ ნაბიჯების, რომელიც უკვე გაკეთებულ, შექმნილ ამ ინსტიტუციას, უბრალოდ დისკრედიტაციას მოახდენს და მეტს არაფერს“,- აღნიშნა დეპუტატმა.
ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის თაობაზე საზოგადოებასა და პარლამენტში, მეტი პოლიტიკური კონსესუსი უნდა იყოს.
„მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს რაღაც პოლიტიკური კონსესუსი საზოგადოებასა და პარლამენტში და ასე უბრალოდ, ვიღაცის პოლიტიკური შეკვეთის შესრულება ძალიან უარყოფითად აისახება როგორც დემოკრატიის ხარისხზე ქვეყანაში, ასევე ადამიანის უფლებების ხარისხზე. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს უკან. ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების. მე უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ თუ არ შეგვიძლია წინ ნაბიჯი გადავდგათ, უკან მაინც ნუ გადავდგამთ ნაბიჯებს, ნუ დავუკარგავთ საზოგადოებას იმის რწმენას, რომ დღეს ჩვენი სამშობლო ვეღარ ვითარდება, ვეღარ ვითარდება დემოკრატიის კუთხით, ვეღარ ვითარდება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი როგორც ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, და ამ გზავნილის გაკეთების უფლება ჩვენ არა გვაქვს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები