ევროკავშირი მოლდოვის ლეგიტიმურ მთავრობასთან მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს
ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინმა და კომისარმა გაფართოებისა და კეთილმეზობლობის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა მოლდოვაში პოლიტიკური ვითარების თაობაზე დეკლარაცია გამოაქვეყნეს.
დეკლარაციის მიხედვით, ევროკავშირი მოლდოვაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დასარეგულირებლად მზადაა, ლეგიტიმურ მთავრობასთან ითანამშრომლოს.
„ევროკავშირი ცნობად იღებს მოლდოვის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის – სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ. ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს ლეგიტიმურ მთავრობასთან ორმხრივი ვალდებულების გათვალისწინებით რეფორმებისადმი და იმ ძირითადი პრინციპების საფუძველზე, რაც დამტკიცებულია ევროკავშირსა და მოლდოვას შორის ასოცირების ხელშეკრულებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას კანონის უზენაესობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ახალი მთავრობის მეთაურმა, მაია სანდუმ ევროკომისიის ეს განცხადება პირდაპირ მხარდაჭერად აღიქვა და ყოფილ მთავრობას მოუწოდა, დათანხმდეს ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს კი მოუწოდა, ხელი არ შეუშალონ ახალი მთავრობის მუშაობას.
ცნობისთვის, მოლდოვის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, პაველ ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა, თუმცა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას მაინც აგრძელებს და ის შეკრებას 10 ივნისს აპირებს.
დეპუტატებმა კი მთავრობა არაკანონიერად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ ბრძანებას ხელი პრეზიდენტ დოდონის ნაცვლად მოაწერა.
დეპუტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს თხოვნით მიმართეს, რომ „დემოკრატების“ ქმედებები უკანონოდ ცნოს.