ირლანდიაში „შავფაროსნების“, „ჩვენებურების“, “სუხიშვილების” და „რუსთავის“ გამოსვლას დიდი რეზონანსი მოჰყვა

ირლანდიაში, დუბლინში გამართულ გემების ფესტივალზე, სადაც მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, ქართულმა კულტურამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. „შავფაროსანი“ მებრძოლობის მიერ ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე შესრულებულმა წარმოდგენამ, სუხიშვილების ცეკვამ და ქართულმა სიმღერამ ფესტივალის სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ქართული კულტურით განსაკუთრებულად დაინტერესდა უცხოური მედიაც.
როგორც ირლანდიაში მყოფი „შავფაროსნების“ პრეზიდენტი ირაკლი ქოქოსაძე აღნიშნავს, სამი დღის განმავლობაში გემებთან ახლოს სანაპიროზე განთავსებულ სცენაზე „შავფაროსნები“ და „ჩვენებურები“, ანსამბლ „სუხიშვილებთან“ და „რუსთავთან“ ერთად კონცერტებს და წარმოდგენებს მართავენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაყურებლის ნაკადი არ წყდება.
„ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე შესრულებულმა „შავფაროსნების“ რეალურმა ორთაბრძოლებმა, მათმა აღჭურვილობამ და საბრძოლო წარმოდგენამ, იტალიის მსგავსად, ირლანდიაშიც დიდი ემოცია გამოიწვია. წარმოდგენის შემდეგ ბევრი უცხოელი ტურისტი და ადგილობრივი აღნიშნავდა, რომ იშვიათად უნახავთ რომელიმე ქვეყნის კულტურის რამდენიმე მიმართულება ასე ერთ სივრცეში, ყველა ხელოვნება ასე ერთნაირად შთამბეჭდავი, საოცარი მუხტის მატარებლი და ლამაზი სანახავი. აღნიშნავდნენ, რომ ქართული კულტურა მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და კულტურული შოკი მიიღეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც უკვე იცნობდნენ საქართველოს და მის კულტურას. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ფესტივალს ბევრი ქართველი სტუმრობდა თავის ევროპელ მეგობრებთან ერთად. ისინიც ისეთი ამაყები იყვნენ, რომ უდიდესი კულტურის და ისტორიის მქონე ევროპელები მათი ქვეყნის კულტურით ასე მოიხიბლნენ.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლანდიის გემების ფესტივალი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს, რომელიც ამ პროექტის ორგანიზატორია“,–აღნიშნავს ირაკლი ქოქოსაძე.
ირლანდიის გემების ფესტივალს ყოველწლიურად ერთი ქვეყანა მასპინძლობს, რომელიც თავის კულტურას წარადგენს. ირლანდიური მხარის გადაწყვეტილებით, წელს ამ ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იყო. ფესტივალის ფარგლებში ქართულ მხარეს XVIII საუკუნის ფრეგატი დაეთმო. ფრეგატის გემბანზე და გემბანის წინ განთავსებულ სცენაზე ქართული ისტორიისა და კულტურის თემაზე პერფომანსები მოეწყო. ასევე, ფესტივალის სტუმრები გაეცნენ ქართული რეწვის ნიმუშებს, პარალელურად, ხდება ქართლი სამზარეულოსა და ღვინის დეგუსტაცია. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დუბლინში თანამედროვე ქართული კინოს კვირეულიც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები