დავით კოდუას დღეს სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანენ – რას აცხადებს “კვირასთან“ ლაურა ღაჭავა ?

     ოჯახის გადაწყვეტილებით, ბიზნესმენი დავით კოდუა მკურნალობას გერმანიაში, მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში გააგრძელებს.
მას გერმანიაში დღეს საღამოს წაიყვანენ.
როგორც “კვირას“ კოდუას დედამ ლაურა ღაჭავამ განუცხადა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ამიტომ კოდუას რეაბილიტაციის დაახლოებით ერთთვიანი კურსის გავლა გერმანიაში მოუწევს.
„დათოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ვერ დადის, წონასწორობას ვერ იცავს და ამნეზია აქვს. სახის მიდამოებში დაჟეჟილობა მოურჩა, თუმცა თავის არეში ტკივილები აწუხებს, წამოდგომისას თავბრუ ესხმის. თბილისში ამოიწურა ის რესურსი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ამიტომ დღეს საღამოს რეაბილიტაციისთვის გერმანიაში, მიუნხენში გადავიყვანთ. ჩემი ვარაუდით, საზღვარგარეთ დაახლოებით 3-4 კვირა გავჩერდებით“,-განუცხადა “კვირას“ ლაურა ღაჭავამ.
მისივე თქმით, კოდუას დასაკითხად სამართალდამცველები კლინიკაში რადენჯერმე მივიდნენ, თუმცა ბიზნესმენი შეუძლოდ იყო და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.
“სამართალდამცველები რამდენჯერმე იყვნენ მოსულები, მაგრამ დათოს დაკითხვა მისი მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. გამოძიებაში ჯერჯერობით სიახლე არაფერია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებენ “, – აღნიშნა ღაჭავამ.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძის ქუჩაზე დავით კოდუაზე  თავდასხმის ფაქტი 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთ ღონისძიებად ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები