გიორგი გახარია ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე: შევასრულეთ ყველა ვალდებულება, რომელიც გვაქვს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე მედიათავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების წინაშე
“ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გვაქვს როგორც ჩვენი მოქალაქეების,ასევე მედიათავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში, იმერეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ორი პირის გირაოთი გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაა და შსს ამ კომპეტენციაში ვერ ჩაერევა.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა ძალზე სწრაფად და ეფექტურად. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გვაქვს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე, მედიათავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების წინაშე. რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და შსს ამ კომპეტენციაში ვერაფრით ვერ ჩაერევა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში, იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.
“გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. გამოძიების ამ ეტაპზე, თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება”, – აცხადებენ შსს-ში.