თინათინ ნიბლოშვილი: ფესტივალის ,,ვაზი, ხორბალი და მემკვიდრეობა“ მიზანი ჯავახიშვილის იდეების უკეთ წარმოჩენაა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, კოლეგებს ივანე ჯავახიშვილის 150-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართული ფესტივალის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით ივანე ჯავახიშვილის იუბილესთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ბუნებრივია, განსაკუთრებული აქტიურობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოირჩევა.

„დღეს სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად გავხსენით ფესტივალი „ვაზი, ხორბალი და მემკვიდრეობა“, რომლის მიზანი ივანე ჯავახიშვილის იდეების უკეთ წარმოჩენაა. აღნიშნულ ფესტივალში თსუ-სთან ერთად დედაქალაქის საკრებულოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ამავე დროს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის კარგი გამოცდილებაა“, – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე თქმით, ფესტივალი რამდენიმე უწყებას აერთიანებს, მათ შორისაა15 სხვადასხვა უნივერსიტეტი, სამეცნიერო საზოგადოება, ასევე ქართული ხორბლის მწარმოებელი 7 კომპანია, გარემოს დაცვის სამინისტრო, ეროვნული ბოტანიკური ბაღი და სხვა უამრავი კერძო თუ საჯარო უწყება.

დასასრულს, თინათინ ნიბლოშვილმა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თსუ-სა და საკრებულოს აღნიშნული ინიციატივით დაინტერესდნენ, ფესტივალის მუშაობაში ჩაერთნენ და ივანე ჯავახიშვილის იდეები მაქსიმალურად წარმოაჩინეს, მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები