“თუ რუსეთის მხრიდან კომპრომისისთვის პოლიტიკური მზაობა იქნება, შეიძლება, ჩვენც ვიფიქროთ უფრო მაღალი დონის შეხვედრაზე”

0

“თუ იქნება რამე სიგნალი, რომ რუსეთის მხრიდან რაღაც კომპრომისისკენ მზაობაა, მაშინ შესაძლებელია, ჩვენც ალტერნატიულ ფორმატებზე ვიფიქროთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
“როგორც მინიმუმ, სიგნალი უნდა დავინახოთ, რომ რაღაცისკენ მოლაპარაკების მზაობა არსებობს. უბრალოდ, დიალოგის ფორმატი შევცვალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასეთი აზრი გაუჩნდეს, საკმარისი არ არის. თუ სიგნალი და მზაობა იქნება, სხვა დონის დიალოგები მზადდება ხოლმე და ამ მომზადების აუცილებლობა დგება, თუ რაღაც კომპრომისისკენ მზაობაა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრა შეხვედრისთვის სინტერესო არ არის.
„თუ კომპრომისი არ არის, შეხვედრა შეხვედრისთვის სინტერესო არ არის, მათ შორის, ზუსტად პირველი პირების შეხვედრას ვგულისხმობ. თუ კომპრომისებზე მზაობა არ არის, შეხვდნენ და ხელი ჩამოართვან, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ცხელი წერტილების ჩაქრობის რესურსი მეტ-ნაკლებად რომ გვქონდეს, ამის მექანიზმები საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შეიქმნა, მაგრამ თუ რუსეთის მხრიდან პოლიტიკური მზაობა იქნება, მაშინ შეიძლება, ჩვენც ვიფიქროთ უფრო მაღალი დონის შეხვედრაზე, მანამდე აზრს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ესტონეთის “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე – რას ეტყოდით ბატონ პუტინს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საინტერესო ის არის, მას რას ეტყოდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
„რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის, ზოგადად, ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი