არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობას” აქვს ერთადერთი მიზანი – შურისძიება იმისთვის, რომ ივანიშვილმა ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორა

„არჩევნებში დამარცხებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შედეგების აღიარების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო – გამოაქვეყნეს კვლევები, რომლითაც იმ დღესვე გამოჩნდა, რომ მასში მოცემული შედეგები რეალობას ძალიან არის აცდენილი“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, კვლევაში მოცემული, თითქოს, 21%-იანი მხარდაჭერის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“, დაახლოებით, 60%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
თალაკვაძის განცხადებით, არის, ასევე, კვლევა, სადაც დამახინჯებული ფაქტობრივი მონაცემებია მოყვანილი.
„მაგალითად, საუბარია, თითქოს, საქართველოში მედიასაშუალებებს ფლობენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები. ამასაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ. სხვა კვლევაში ნახეთ, რომ გააჟღერეს ეს სპეციალურ ბრიფინგებზე. ესეც არის სიცრუე იმიტომ, რომ, რეალურად, საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მედიასაშუალების ფლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირსა და კომპანიას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ეს უსუსური შეტევა და კვლევებია, რაც ერთიანი კამპანიის ნაწილია და მოტივირებულია შურისძიებით.
„ჩვენ გვესმის, რისთვის დასჭირდათ მათ ამ ყველაფერის წამოწყება; რისთვის დასჭირდათ, რომ არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე, როდესაც მათ დამარცხება იწვნიეს, გადავიდნენ კვლავ შეტევის მორიგ ტალღაზე ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ. ამის რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებს და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს – ამის რეალური მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი სურვილი, ერთადერთი მიზანი – ეს არის შურისძიება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორა მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით და დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ეს დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანი მხოლოდ არეულობისა და დესტაბილიზაციის გზით თავის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღება, არ დაბრუნდნენ მმართველობაში და ეს ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები