“საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე”
“საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ახალგაზრდა ფერმერების მოსაზრებების გაზიარება იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, სახელმწიფოს მხრიდან რა კეთდება სწორად და რა შეცდომებია ამ მიმართულებით.
„მე ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. მხოლოდ ადმინისტრაციული გზით ის შედეგი არ გვექნება, რომელიც გვსურს. საქართველოს მსგავსი გამოცდილება ჰქონდა და მე მსურს, ეს ყველაფერი ისტორიას ჩავაბაროთ. მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, თქვენგან მიღებული იდეებით, კრიტიკით არის შესაძლებელი, რომ ჩვენ სხვადასხვა რეფორმა განვახორციელოთ იმ გზით, რომელიც ყველაზე კარგად იქნება მორგებული თქვენს ინტერესებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრის თქმით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეებისა და ფერმერების წახალისება მოხდეს.
„როდესაც მე ამირჩიეს პრემიერმინისტრად, ბევრ თქვენგანს შეიძლება, ახსოვდეს ის ხუთი პრინციპი, რომელზეც დავაფუძნე ჩვენი სამთავრობო პროგრამა. მათ შორის წამყვანი როლი ჰქონდა ახალგაზრდულ ეკონომიკას. ნებისმიერ სფეროში, სადაც არ არის ახალგაზრდული ენერგია, ხედვა, გაბედული ნაბიჯები, არსებული სტატუს-კვოს უარყოფა, ამბიციური ხედვა, არა თუ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოს არ ექნება წარმატებული მომავალი 21-ე საუკუნეში”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.