დედა, რომელიც 7 თვის შვილის გაგუდვის გამო დააკავეს, „ბროწეულას“ სკოლის მოსწავლის სტატუსით სარგებლობს

დედა, რომელიც 7 თვის შვილის გაგუდვის გამო დააკავეს, მე 11- კლასის მოსწავლის სტატუსით ამ დრომდე სარგებლობს.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებული 16 წლის მ.შ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის “ბროწეულას” საჯარო სკოლის მოსწავლეა – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა, შალვა კუბლაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პირთან დაკავშირებით მოსწავლის სტატუსის შეჩერების საფრთხე არ ყოფილა, ვინაიდან ის, დროდადრო სასწავლო პროცესს ესწრებოდა და გამოცდებს ექსტერნად აბარებდა.
„სანამ სკოლაში სწავლობდა ჩვეულებრივი მოსწავლე იყო. უფრო ჰუმანიტარული საგნები უყვარდა. დაახლოებით, ორი წელია, რაც ოჯახი შექმნა. ის მოსწავლის სტატუსით დღემდე სარგებლობს, რადგან დროდადრო სასწავლო პროცესს ესწრებოდა და გამოცდებს ექსტერნად აბარებდა. ორსულობის პერიოდშიც დადიოდა სკოლაში. აქტიურობით არ გამოირჩეოდა. პირველი კლასიდან ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა, შოთა კუბლაშვილმა, რომელმაც მომხდარ ფაქტს „საშინელი“ უწოდა.
„არ ვიცი, როგორ გამოვხატო ის საშინელი განცდა, რაც დამეუფლა. როდესაც ჩვენს სკოლაში სწავლობდა, ასეთი გადახრა არ შემიმჩნევია. მერე რა მოხდა, არ ვიცი“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
არასრულწლოვანი მ.შ. -ს ოჯახი ამავე სოფელში ცხოვრობს. დედა დიასახლისია, მამა კი ამავე სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლია.
რაც შეეხება გარდაცვლილ ჩვილს, 7 თვის გოჩა დღეს სოფელ აღაიანში დაკრძალეს.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულ მ.შ-ს ბრალდებას დღეს საღამოს წაუყენებენ. მას საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.
როგორც „კვირას“ ადვოკატმა, ქეთევან გაგოევმა განუცხადა, იგი საქმის მასალებს ამ დრომდე არ გაცნობია.
„სანამ ბრალს არ წარუდგენენ, საქმის მასალებს ვერ გავცნობივარ“, – აცხადებს ადვოკატი.
ტრაგედია აღაიანში ორი დღის წინ მოხდა, თუმცა დღეს გახმაურდა.
დედამ 7 თვის ბიჭი საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დედამ ჯერ შვილი გაგუდა, შემდეგ კი სახლიდან ოქროულობა მოიპარა და თბილისში წამოვიდა, სადაც ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებისას მასთან ერთად მამაკაციც იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები