მუცოს რესტავრაციის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ კონკურსში გაიმარჯვა – დაჯილდოება პარიზში გაიმართება

21 მაისს ევროკომისიამ და „ევროპა ნოსტრამ“  შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში  ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.
კონკურსის კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.
ევროპული მემკვიდრეობის პრიზი / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტმა 16 ქვეყნის 25 ლაურეატთან ერთად მოიპოვა, რომლებმაც წარმატებებს სხვადასხვა ნომინაციაში მიაღწიეს. დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელიც მემკვიდრეობის პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული, კონკურსის გამარჯვებულები ცალკეული ორგანიზაციების და ინდივიდების მიერ 34 ქვეყნიდან წარდგენილი 149 განაცხადიდან შეირჩა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონსერვაციის, კვლევის, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლის, განათლების, სწავლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებში.
ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოების წარმომადგენლობითი ცერემონია, მიმდინარე წლის, 29 ოქტომბერს, პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში გაიმართება, რომლის თანამასპინძლები ევროკომისარი ტიბორ ნოვრაჩიჩი და „ევროპა ნოსტრას“ პრეზიდენტი მაესტრო პლასიდო დომინგო იქნებიან.
ცერემონიის მიმდინარეობისას დასახელდება გრან-პრის შვიდი ლაურეატი, რომელთაც პრიზის სახით €10,000 გადაეცემათ. 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტებიდან ცერემონიაზე გამოვლინდებიან პრიზი „საზოგადოების რჩეული“-ს მფლობელებიც. ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, მხარი დაუჭირონ და ხმა მისცენ მათთვის საინტერესო პროექტს „საზოგადოების რჩეულის“ სტატუსის მოსაპოვებლად.
წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტის ჯილდოს მინიჭებისას კონკურსის ჟიურიმ აღნიშნა, რომ მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას – გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ევროპა დგას. მუცოს რესტავრაციამ განაპირობა ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლება მათი არამატერიალური მემკვიდრეობისა და კავკასიელი ხალხის ისტორიის შესახებ, რამაც თავის მხრივ წაახალისა მემკვიდრეობასთან მათი ურთიერთობის აღდგენა. ჯიურიმ პრიორიტეტად მიიჩნია ტრადიციული ხელოსნობის გაგრძელება, რამაც სამომავლოდ მისი შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. ჟიურის წევრებისთვის მისასალმებელი აღმოჩნდა რეაბილიტაციის პროცესში მრავალი გამოწვევის, მათ შორის რთული რელიეფისა და ინფრატრუქტურის სიმწირის დაძლევის ფაქტორი.
საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 2018 წელს დასრულდა რეაბილიტაციის მე-4 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები.
სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. ასევე, აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც ფიქალის მშრალი წყობის მივიწყებული ტრადიციული ტექნიკა მეზობელი რეგიონის ქისტი ოსტატებისაგან აითვისეს. ციხესოფელში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების – ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს.
კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციისა და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე დასახლდა 3 ოჯახი. ეროვნულმა სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ტერიტორიის ყოველდღიურ მართვას განახორციელებს.
მუცოს სარეაბილიტაციო პროცესის საწყისი 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ, 2014-2015 წლებში, 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ 1 მილიონ 215 ათასი ლარი მოიცვა.

კონსერვაციის კატეგორიის ნომინაციაში ევროპული მემკვიდრეობის პრიზი / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მუცოს კომპლექსთან ერთად მოიპოვეს შემდეგმა სარეაბილიტაციო პროექტებმა:
1. მონტრეი ბონის სასახლე – საფრანგეთი
2. ქრისტეს სუდარის ტურინის კაპელა – იტალია
3. წმინდა ბავოს საკათედრო ტაძარი – ჰაარლემი, ჰოლანდია;
4. დედოფალ ლუიზ ედიტის კომპლექსი – ზაბჟე, პოლონეთი;
5. არქეოლოგიური ნაშთების გამოსაფენი პავილიონი – სელჟე, სლოვენია
6. ს’ჰოსტალის ქვის კარიერი – მენორკა, ესპანეთი;
7. პარტალის სასახლის სამლოცველო – ალჰამბრა, გრენადა – ესპანეთი;
8. დიდების კარიბჭე – სანტიაგო დე კომპოსტელა – ესპანეთი;
9. შუა საუკუნეების ბეღელი – ინგატორფი – შვედეთი;
10. ირ ისგვრინი, თრაუსფინიდი – უელსი, გაერთიანებული სამეფო.

ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ მას განახორციელებს „ევროპა ნოსტრა“. პროგრამა წარმოაჩენს მემკვიდრეობის კონსერვაციის, კვლევის, მენეჯმენტის, განათლების და კომუნიკაციის სფეროს საუკეთესო მაგალითებს და ამით ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის ეკონომიკის და საზოგადოების სტრატეგიული რესურსის როლის აღიარებას. პრიზის მხარდამჭერია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.
უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში კონკურსში წარდგენილი იქნა 2883 განაცხადი 39 ქვეყნიდან. 2002 წლიდან, დამოუკიდებელმა ჟიურიმ, 34 ქვეყნიდან 485 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. გამარჯვებულთა შორის ლიდერობს ესპანეთი (64 ჯილდო), დიდი ბრიტანეთი (60 ჯილდო) და იტალია (41 ჯილდო). გამარჯვებულთაგან 102 პროექტს გადაეცა გრან-პრი – 10000 ევროს ფულადი პრემია.
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო საუკეთესო პრაქტიკების წარმოჩენის, გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო კავშირების დამყარების გზით აძლიერებს კულტურული მემკვიდრეობის სექტორს ევროპაში. იგი ასევე ეხმარება გამარჯვებულებს დაფინანსების მოპოვებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაში. პრიზი ასევე ხელსუწყობს ჩვენი საერთო მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში.
„ევროპა ნოსტრა“
„ევროპა ნოსტრა“ წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. „ევროპა ნოსტრა“ დაარსდა 1963 წელს და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. ორგანიზაციის პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილიო პერის მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო.
„ევროპა ნოსტრა“, პროგრამის „საფრთხის ქვეშმყოფი 7 ძეგლი“ ფარგლებში, ახორციელებს ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლების და ლანდშაფტების გადარჩენის კამპანიას. იგი წარმოაჩენს სფეროს მიღწევებს ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მეშვეობით. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ ინსტიტუციებთან და ევროპული მემკვიდრეობის ალიანსთან 3.3, რითაც თავისი წვლილი შეაქვს მემკვიდრეობის სფეროში ევროპული სტრატეგიებისა და პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. „ევროპა ნოსტრა“ აქტიურ მხარდაჭერასა და კონტრიბუციას ანხორციელებს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის 2018 წლის აღსანიშნავად.
შემოქმედებითი ევროპა
შემოქმედებითი ევროპა წარმოადგენს ევროკავშირის ახალ პროგრამას, რომელიც მიმართულია კულტურის და შემოქმედებითი სექტორების გაძლიერებისკენ. პროგრამის 2014-2020 წლებისბიუჯეტს €1.46 მილიარდი შეადგენს. შემოქმედებითი ევროპა მხარს უჭერს ორგანიზაციებს რომლებიც მოღვაწეობენ კულტურული მემკვიდრეობის, საშემსრულებლო ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, ინდერდისციპლინარული ხელოვნების, საგამომცემლო, კინოინდუსტრიის, ტელევიზიის, მუსიკის და ვიდეოთამაშების სფეობში, ასევე ათობით ათას მხატვარს, კულტურის და აუდიოვიზუალური ხელოვნების პროფესიონალს. დაფინანსება მათ შესაძლებლობას აძლევთ განავრცონ თავიანთი მოღვაწეობა მთელი ევროპის მასშტაბით, მოიზიდონ ახალი აუდიენცია და განავითარონ თავიანთი უნარები
სოფელი მუცო მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე. საუკუნეთა განმავლობაში ის წარმოადგენდა ჩრდილოეთ საქართველოს უძლიერეს ავან პოსტს, აკონტროლებდა გზებს და იცავდა სახელმწიფოს. სოფელი განფენილია კლდოვანი მთის სამნახევრად-ხელოვნურ ტერასაზე. შემორჩენილია 2-4 სართულიანი რამდენიმე ციხე-სახლი, კოშკები, თავდაცვითი კედლები, რამდენიმე სალოცავი და სამარხი.
მე-20 საუკუნის შუა ხანებისთვის მკაცრი კლიმატური პირობების, სახნავი მიწის სიმწირის, არასაკმარისი ინფრასტრუქტურისა და წყლის ნაკლებობის გამო სოფელი დაცარიელდა. თანდათანობითი დეგრადაცია და მოუვლელობა ამ უნიკალური სოფლის განადგურების წინაპირობა იყო. კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მუცოს კონსერვაცია წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რაც ძეგლის არქიტექტურის სტრუქტურული რღვევის პროცესს იწვევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები