ხულოს თაგო-სხალთის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეემატა
ხულოს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი, თაგო-სხალთის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეემატა. ახალი ტურისტული მიმართულება პირველებმა რეგიონში მოქმედმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა გაიცნეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ინფოტურის მონაწილეებმა ულამაზეს ხეობაში მოგზაურობა თაგოს საბაგიროდან დაიწყეს.
“სოფელ თაგოში გაიმართა კულტურული ღონისძიებაც, სადაც მუსიკალური ნომრები ხულოს სახელოვნებო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურმა ანსამბლმა და საციხურის საჯარო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა წარმოადგინეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ღონისძიების კულტურული ნაწილის დასრულების შემდეგ, ინფოტურის მონაწილეებმა საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს, იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გაეცნენ და ულამაზესი ტყე დალაშქრეს, რომელიც სოფელ თაგოს სხალთის ხეობასთან აკავშირებს. ინფოტური გიდებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმისა და სხალთის მონასტრის მონახულებით დაასრულეს.
თაგო-სხალთის ტურისტული მარშრუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა. ხულოში, ასევე, მარკირებულია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი, ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო და გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის მარშრუტები, რომლებზეც მოგზაურობა ტურისტებს მთიანი აჭარის გაცნობის საშუალებას მისცემს”,- ნათქვამია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.