გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია პროკურატურაში კიდევ ერთხელ გამოიკითხება

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის – გია დანელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში კიდევ ერთხელ გამოიკითხება. ამის შესახებ “კვირას” პროკურატურაში განუცხადეს. საგამოძიებო უწყებაში დანელია 12 საათზე გამოცხადდება. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.
ამასთან, პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელია გია დანელიას ხმის ნიმუშის შედარება ორიგინალ ჩანაწერთან, რომელიც ხელთ აქვს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს”. შესაბამისად, პროკურატურამ ტელეკომპანიას ჩანაწერის დედნის მიწოდების თხოვნით უკვე მიმართა.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი – გია დანელია, რომელიც, თითქოს, აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს. გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები