ჟან რენე კაზნევი – „საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ის გახდება ევროკავშირის წევრი”

სოფიო ქაცარავა  საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს  კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვდა. როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს როგორც აღმასრულებელ, ასევე – საპარლამენტო დონეზე.
„საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრისას  ჩვენ განვიხილეთ ყველა ის პრიორიტეტული საკითხი, რაც საფრანგეთის რესპუბლიკასთან საქართველოს აკავშირებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, პრიორიტეტულია ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, როგორიც არის საფრანგეთი, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. გასულ წელსაც და წელსაც გრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ასევე – საპარლამენტო დონეზე”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სოფიო ქაცარავა ფრანგ კოლეგებს  ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა.
„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ის გახდება ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჟან რენე კაზნევმა.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გამკლავების მიზნით ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
„ფრანგ კოლეგებთან ვისაუბრეთ ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ამ მიმართულებით ორ ქვეყენას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე”, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრისას  კანონმდებლებმ  საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დადებითად შეაფასეს.
სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგებს საფრანგეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის სრული მხარდაჭერისთვის.
გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სალომე სამადაშვილი, გიორგი ხატიძე, ირაკლი მეზურნიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამეტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელი, დავით სონღულაშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები