სანდრო თოფურია შალვა ნათელაშვილს ღირსების შელახვისთვის უჩივლებს

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უკრაინაში, სანდრო თოფურია “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ღირსების შელახვისთვის უჩივლებს. ამის შესახებ თოფურია სოციალურ ქსელში წერს.
“დიდი ხანი ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამ პოსტის გამოქვეყნება და, საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რადგან საზოგადოებამ უნდა ნახოს ნამდვილი სახე იმ ადამიანებისა, მით უმეტეს პოლიტიკოსებისა, რომლებიც წლებია, ჩვენს სახელს, ჩვენს ხმას ბოროტად იყენებენ. ერთ-ერთ პოსტზე, სადაც კითხვა დაისვა ბატონ შალვაზე, გულწრფელად ვუპასუხე, ხოლო პასუხად მივიღე ლანძღვა, რომელიც თანდართულია ჩემს პოსტზე. მინდა, მივმართო საზოგადოებას – პირებს, რომლებიც წლებია, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უშლიან ხელს, რა უნდათ პოლიტიკაში?! რატომ უნდა ვანდოთ ასეთ ადამიანებს ქვეყანა?! რატომ სარგებლობენ ხალხის სახელით?! ადამიანი, რომელიც წლებია, თავს დებს, რომ ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა უნდა, ვერ აცნობიერებს და ამ დრომდე არ იცის, როგორ უნდა მიმართოს ახალგაზრდა ელჩს, რომელიც საქართველოს სახელის ფარგლებს გარეთ გატანასა და საქმის კეთებას ცდილობს.
და ბოლოს, მე უკვე ვესაუბრე ჩემს იურისტებს, ღირსების შელახვისთვის ამ “პოლიტიკურ კლოუნს” პასუხს ვაგებინებ!”, – წერს თოფურია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები