“ზუგდიდში ჩავედით იმიტომ, რომ ვიცოდით რა განუკითხაობა იყო”, – გია ბარამიძე აქციის მონაწილეებს პასუხობს (ვიდეო)
დარჩელში გამართულ აქციას, სადაც ყოფილი “მხედრიონელებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძისა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობას აპროტესტებდნენ, ბარამიძე გამოეხმაურა. “კვირასთან” საუბარში გია ბარამიძემ განაცხადა, რომ “მხედრიონელი” არ ყოფილა და ზუგდიდში მოსახლეობის დასახმარებლად იმყოფებოდა.
“ჩემთვის ცნობილია ეს წილისწამება, თითქოს “მხედრიონელი” ვიყავი. მადლობა ღმერთს, მაშინ 21-ე საუკუნე იყო. არსებობს მასალები და ყველს ახსოვს ვინ ვინ იყო… ზუგდიდში ჩავედით იმიტომ, რომ ვიცოდით რა განუკითხაობა იყო. მხედრიონი იყო თუ სხვა ბანდიტები, ხალხს აწიოკებდნენ და ჩამოვედით ხალხის დასახმარებლად, რათა ეს დრო გადაეტანათ “,- განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები ბანერებით შეიკრიბნენ, რომლებზეც ეწერა: “ეს სოფელი “მხედრიონელმა” ბარამიძემ გადაწვა”, “მხედრიონი” სანდრას გვერდშია”, “ბარამიძე “მხედრიონელია”, “სისხლიანი “მხედრიონი”, სისხლიანი ბარამიძე”. ადგილობრივების თქმით, ისინი ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მათ სოფელში საარჩევნო შეხვედრების ჩატარების უფლებას არ მისცემენ.