“ეროვნული გვარდია” ზუგდიდში მერის არჩევნებზე მხარს გეგა შენგელიას დაუჭერს
ზუგდიდში “საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის” პირველი ფორუმი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა, რომელსაც “ეროვნული გვარდიის” წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გვარდიის ლიდერებმა დამსწრე საზოგადოებას გეგა შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
”მე არ ვარ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი, მაგრამ ვარ მისი ნაწილი და ვაძლევ დროს, გამოასწოროს ყველა ხარვეზი. საქართველოს აქვს დიდი და უნიკალური რესურსი. ამ რესურსის გამოყენება გაერთიანებით არის შესაძლებელი და ზვიად გამსახურდიას შემდგომ ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო ეს. განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა სურვილი ქვეყნის სასიკეთოდ მიეღოთ გადაწყვეტილება. საჭიროა ამ ხელისუფლებასთან გავერთიანდეთ და ერთობლივად შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება. ქვეყნის გაერთიანების გზა გადის სამეგრელოზე”, – განაცხადა “ეროვნული გვარდიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ხონელიძემ.
“საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის” წევრმა, ნათია იზორიამ კი დამსწრე საზოგადოებას გაერთიანებისა და გეგა შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ღიად უნდა დავუჭიროთ მხარი შენგელია რადგან ის არის კაცური კაცი. ჩვენ უნდა ვაშენოთ სახელმწიფო სადაც კაცი უნდა კაცობდეს. ჩვენ არ გვინდა გადამთიელი მერი რომელიც თესავს ჩვენში ტრადიციებისა და ღირსებების აღრევას”, – განაცხადა ნათია იზორიამ.
ამასთან, ფორუმის დაწყებამდე გაზეთები დარიგდა, სადაც სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის ციტატები ეწერა, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ისინი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.