გერგეთის გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო
გერგეთამდე მისასვლელ გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6-კმ-იანი გზის 200-მეტრიან მონაკვეთზე სტიქიური მოვლენების გამო დაზიანდა გზის საფარი. პრობლემის დაფიქსირებისთანავე, გზების დეპარტამენტის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივად მიმდინარეობს. დეპარტამენტის ტექნიკურმა სამსახურებმა ოპერატიულად მოინახულეს ობიექტი და სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები დასახეს.
ამ დროისათვის, უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუხით. პარალელურ რეჟიმში, დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები. აღსანიშნია, რომ დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებასა და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდან ხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული 5%-ის ფარგლებში მოხდება.
„პრობლემის აღმოფხვრას წინასწარი შეფასებით 1,5-2 თვე დასჭირდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა“,- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.