„მეგრული სეპარატიზმი“ ზუგდიდში – კუთხურ ენაზე წარმართული საღამო და სახალხო მოძრაობის პოლიტიკური მიზნები (ვიდეო)
სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელოს“ ინიციატივით მეგრული ენის დღე აღინიშნა. საზეიმო შეკრება კინოთეატრ ,,ატრიუმის” დარბაზში გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი მწერლები, პოეტები, ენათმეცნიერები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ, მეგრულ ენაზე წარიმართა. ორგანიზაციის ოფიციალურ მოწოდება, რომელიც ამ დღეს გავრცელდა, ამ სიტყვებით იწყებოდა:
“თანამემამულენო! გილოცავთ მეგრული ენის დღეს! ვავოდინუათ ნანაში ნინა!“ (არ დავკარგოთ ჩვენი ენა!) ღონისძიება 2 მთავარ მიზანს ისახავდა მიზნად: 29 მაისი მეგრული ენის დღედ გამოცხადდა და სახალხო მოძრაობის წევრებმა საზოგადოებას „გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი“ მეგრული ენის გადარჩენისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდეს.
ამ ფაქტში, ერთი შეხედვით, უცნაური არაფერია, რომ არა, ერთი ფაქტი: ისტორიკოსთა ნაწილი მასში „სეპარატისტული“ მოძრაობის გაღვივების საშიშროებას ხედავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრებს პოლიტიკური გეგმებიც აქვთ – მათ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტს წერილობით მიმართეს და მეგრული ენის დაცვის პროგრამის შემუშავება ითხოვეს. საკანონმდებლო ორგანომ ეს წინადადება არ მიიღო, რამაც სახალხო მოძრაობის წევრების უკმაყოფილებას გამოიწვია. კინოთეატრში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
„თანამემამულენო! მამულიშვილნო! ათასწლეულების ქარტეხილებიდან გამოღწეულო ჩემო ჯიშო და ჯილაგო! მსურს დაგარწმუნოთ იმაში, რომ 29 მაისის მეგრული ენის დღედ გამოცხადება და ზუგდიდში, კინოთეატრ ,,ატრიუმში” ამ უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმოდ აღნიშვნა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უძველესი, მაგრამ გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენის გადარჩენას! არ დაგიმალავთ, რომ ეს ურთულესი ამოცანაა! რა თქმა უნდა, ამ რეალობაში, ამ ნიჰილისტურად განწყობილ საზოგადოებაში, რაც მთავარია ასეთ ხელისუფალთა ხელში, მიზნად დაისახო ასეთი რამ, ბევრის თვალში შესაძლოა, მეტისმეტად ამბიციურად ჩანდეს… და ცხადია, ამაში არის სიმართლის რაღაც ნატამალიც! მაგრამ, დიადი იდეალებისთვის სიცოცხლე და ბრძოლაც ხომ, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა! ასე, რომ ბრძოლა გაგრძელდება და მწამს, თუ ჩვენ შევძლებთ საკითხის აქტუალიზებას! თუ მოვახერხრბთ დაქსაქსული იდეური თანამოაზრეების კონსოლიდირებას! მაშინ, ჩვენი თვითმყოფადობის გამომხატველი უპირველესი ნიშანის – მეგრული ენის გადარჩენის შანსიც წარმოუდგენლად გაიზრდება!!! ახლა კი, ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნდობით მოვეკიდოთ ერთმანეთის საქმიანობას! ვიყოთ ერთმანეთისადმი სოლიდარულნი! გვახსოვდეს, რომ წინაპართა სულები ზეციდან დაგვყურებენ! არ დაგვავიწყდეს – აიეტის შთამომავლები ვართ! გვწამდეს – მზის შვილები ვართ! ნუ შევეგუებით კაცობრიობის სათვალავიდან ჩვენს გაქრობას!“, – აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.
ღონისძიებას სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შეიქმნა სპეციალური ჯგუფები. ინტერნეტმომხმარებლები მხარდამჭერებს აქტიურობისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდებდნენ. მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში ნათქვამი იყო, რომ “ბიბლიური დაბადება” სწორედ ამ ენაზე დაიწერა, ხოლო ბიბლიის დაწერამდე 4000 წლის წინ კოლხებს უკვე ჰქონდათ “მეგრული ბიბლია”:
„მსოფლიო იბერიული ორდენი. მეგობრებო! საზოგადოება “სამეგრელოს” ინიციატივით ხვალ მთელ მსოფლიოში აღინიშნება მეგრული, იბერიული, არიული, კოლხური, არამეული, უფლის ენის დღესასწაული. ვულოცავთ ყველა ქართველს და, ზოგადად, ყველა იბერს ამ დღეს! იგი ემთხვევა უკვდავი გენიოსის, დიდი მამანტი ძაძამიას დაბადების დღეს. ამ გენიოსმა მკვლევარმა შეადგინა მეგრული ენის შვიდ ტომეული, სადაც 1 410 000 000 სიტყვაა. დიახ მილიარდზე მეტი სიტყვა. ცნობისთვის, ყველაზე “რთულ” ინგლისურში მხოლოდ 500 000 სიტყვაა. ქართულსა და რუსულში დაახლოეთ 120 ათასი სიტყვა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მეგრული დასაბამისეული ენაა. “ბიბლიური დაბადება” სწორედ ამ ენაზე დაიწერა. ამ ენაზე საუბრობდა უფალი. ბიბლიის დაწერამდე 4000 წლის წინ კოლხებს ჰქონდათ “მეგრული
ბიბლია” – მარგალითი, სადაც სიტყვა–სიტყვით წერია ათი მცნება. ცნობისთვის აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ “ფესტოს დისკის” მეგრულ ენაზე გაშიფვრამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი დოკუმენტი სწორედ მეგრულია. მასში სწორედ მეგრულად წერია “დიდ–ნენეს” საგალობელი. ეს ის საგალობელია, რომელსაც ღვთისმშობელი უგალობდა ჩვილ უფალს. მის მიერვე წარმოებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ელინული ცივილიზაციის ფუძემდებლები იყვნენ კოლხები. ბერძნული ბეტა – ხაზოვანი დამწერლობა შექმნილია კოლხურ–პელაზგური ა – ხაზოვანი დამწერლობისგან. იბერიულ–კავკასიური – კოლხური ცივილიზაცია არის თანამედროვე დასავლური და მართმადიდებლური ცივილიზაციის დედა ცივილიზაცია. პირველი მართმადიდებლები იყვნენ კოლხები (წარმართები), რომელთა მრწამსი ეფუძნებოდა აიეტის კანონებს – “ოქრო–რინას” – ოქროს საწმისს. მეგრულ ენა არის ენათა ენა, მსოფლიოს 545 ენის ფუძე ენა, მათ შორის ლათინური ენის ფუძე ენა (იხ. ვლადიმერ ალფენიძე: საქართველოს ღვთისმშობლის ქვეყანა) ინგლისური ენის ფუძე. დღეს კოლხ–იბერთა შთამომავლები მთელ მსოფლიოში დაახლოებით 1 200 000 000 (მილიარდზე მეტი) და ეს დღესასწაული ყველა მათი დღესასწაულია. გილოცავთ მეგობრებო! 4 დღის მიძინებული ლაზარე ნელ–ნელა იღვიძებს. მრავალი პატრიოტი ზრუნავს ამ საქმისთვის და მათგან უპირველესი საზოგადოება “სამეგრელოა”.
,,კვირა“ გაესაუბრა სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელოს“ ხელმძღვანელს ზურაბ კვარაცხელიას, რომელმაც ღონისძიების შედეგები პოზიტიურად შეაფასა:
„ამ დღემ ძალიან საზეიმოდ ჩაიარა,ზუგდიდელებმა აღტაცებით აღნიშნეს ეს დღე. წელს ის მეორედ ჩატარდა. ჩვენი მიზანია, მეგრული ენის დაცვა, რომელსაც გადაშენება უწერია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ შარშან ჩვენ საქართველოს პარლამენტს მიმვართეთ წინადადებით, საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბებულიყო ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც, თავის მხრივ, შეიმუშავებდა ქართველური ენების, მათ შორის მეგრული ენის დაცვის პროგრამას, მაგრამ პარლამენტმა ჩვენი წინადადება არ მიიღო. სამწუხაროა. არანაირად არ ვთვლი, რომ ეს აქტივობა სამეგრელოში, სამწუხაროდ, ე.წ. ექსტრემიზმს წაახალისებს. ეს არის პრობლემა, რომლის გადაჭრაც საზოგადოებამ თავის თავზე უნდა აიღოს, რადგან მეგრული ენის დაცვის პასუხისმგებლობა მას ეკისრება. სწორედ ის, რომ სხვა ძალამ ეს ფაქტი ბოროტად არ გამოიყენოს, სახელმწიფომ უნდა მიხედოს მის დაცვას.
,,კვირა“ კომენტარისთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ისტორიკოსს, პროფესორ მარიამ ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა:
„საქმე ისაა, რომ, სამწუხაროდ, პრესაში გამოქვეყნებული სეპარატისტული მიდრეკილებები, ვერ ვიტყვი, რომ ძლიერად, მაგრამ მაინც არსებობს. ჩემი პირადი მაგალითიდან გეტყვით, რომ უნივერსიტეტში ჩემს ერთ ჯგუფში ორი მეგრელი სტუდენტი ერთმანეთს დაუპირისპირდა ამ საკითხის გამო, რადგან ბიჭმა სეპარატისტული პოზიცია დაიჭირა. სინამდვილეში მეგრული, მართლა ენაა, მაგრამ მას ყოველთვის მხოლოდ ყოფითი გამოყენების, ანუ
სალაპარაკო მნიშვნელობა ჰქონდა და არასოდეს ჰქონია სოციალური, პოლიტიკური ან კულტურული მნიშვნელობა. სამეგრელოს ტერიტორიაზე არ არსებობს არც ერთი მეგრული წარწერიანი ძეგლი.
ერთ ისტორიულ ფაქტს შეგახსენებთ: მეჩვიდმეტე საუკუნეში ლევან დადიანმა იმერეთი საშინლად დაარბია, მაგრამ მერე ამ საქციელის მოსანანიებლად ხატი დააწერინა, რომლის უკანა მხარეს მან სინანულის სიტყვები ქართულად და არა მეგრულად მიაწერა. ასე, რომ სრულიად გაუმართლებელია იმის მტკიცება, რომ მეგრულ ენას,- ლიტერატურული მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს.
ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება ,,კვირას“ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ ბელქანიამ გაანდო:
„დასაწყისშივე გეტყვით, რომ მეგრეული არის ქართული ენა და ქართული ენა მდიდარია მისი დიალექტური შენაკადებით. ასე რომ, სეპარატიზმი ხელოვნულად იგეგმება ხოლმე, როდესაც გამოდის გაზეთები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რუსეთიდან ფინანსდება (თუნდაც ალექსანდრე ჭაჭიას მიერ), სადაც საუბარია მეგრელების დაპირისპირებაზე ქართველებთან, ასევე მეგრულ და ლაზურ დეკლარაციებსა და მეგრულენოვან გამოცემებზე. რაც შეეხება იმას, რომ მეგრულს ემუქრება დაკარგვა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და, ამდენად, “გადაჭარბებულად” მეჩვენება იმის შიში, რომ ის დაკარგვის პირასაა მისული. მე ვფიქრობ, ამ თემის გადაყვანა ხდება პოლიტიკურ კონტექსტში: ,,დაყავი და იბატონე“. თორემ მეგრულიც კარგად ვისწავლე დედაქალაქში და აფხაზურიც, უბრალოდ ამით სურთ “სეპარატიზმის”თემა შემოიტანონ და ეს რეგიონი დანარჩენ საქართველოსთან დააპირისპირონ. შეურაცხმყოფელად ის უფრო მიმაჩნია, რომ სამეგრელოს ისტორია მამანტი ძაძამიას დაბადების დღით დაიწყოს. ყოველივე ეს კი, ერთგვარი სინქრონშია აფხაზეთში მიმდინარე დაძაბულ პროცესებთან, რომელიც ცალსახად რუსეთიდან იმართება. არავითარი “მეგრული სეპარატიზმი” არ არსებობს, ეს რუსული გეგმაა. რა თქმა უნდა, ყველა უნდა იყოს დაცული: სვანურიც ხევსურულიც, ბაცბურიც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველური ენა და ამის აუცილებლობა რომ ყოფილიყო, მეგრელი დამწერლობასაც შექმნიდა. მაგრამ ასეთი რამ არ მოხდა, რადგან ის ქართული სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ერთ ქვეყანაში ორი ენა ვერ იქნებოდა!” – აღნიშნა “კვირასთან” თამარ ბელქანიამ.
აღსანიშნავია, რომ მეგრული ენის დღეს უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში არსებული ქართული დიასპორაც შეუერთდა, რომლის ხელმძღვანელმა ედუარდ აბაშიამ საზოგადოება ,,სამეგრელოს“ მიმართვა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ინგლისურ ენაზეც განათავსა.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=c9j2OHNIO_w” width=”560″ height=”315″]