სოლომონ პავლიაშვილი: ჩვენი მიზანია, ჭიათურის მოსახლეობა ჩაერთოს სოფლის მეურნეობის პროექტებში და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მისგან
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ჭიათურის ორ სოფელში – რგანსა და ხრეითში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებზე ჭიათურის მაჟორიტარი – სულხან მახათაძე და მერობის კანდიდატი – გივი მოდებაძე იმყოფებოდნენ.
“გვინდა, მოსახლეობამ მაქსიმალურად ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მე ჩამოვედი თქვენთან, რათა პირადად კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის პროგრამები და პროექტები, რაც თქვენი და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, ჩაერთოთ სოფლის მეურნეობის მიერ გამოცხადებულ პროექტებში და მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
შეხვედრების ბოლოს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.