ზუგდიდში “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე “პოსტტივის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)

ზუგდიდში “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც ბიზნესმენი მანანა მიქავა რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად აქციას მართავდა, “პოსტტივის” ჟურნალისტს მონაწილეები დაუპირისპირდნენ და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის, მერიკო კარტოზიას თქმით, მისმა შეკითხვამ, ჰქონდა თუ არა მიქავას მერიის მიმართ სამართლიანი მოთხოვნები, აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.
ამასთან, მანანა მიქავა 2010 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი, რასთან დაკავშირებითაც ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა მსგავსი წარსულის მქონე ადამიანს სამართლიანობის მოთხოვნის უფლება. რაზეც მიქავა და აქციის სხვა მონაწილეები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ.
„ეს საქმე კარგად ვიცი და შესაბამისად, კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. წამოვიდა აგრესია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“, – ამბობს ჟურნალისტი.
​თავის მხრივ, მანანა მიქავა ამბობს, რომ ჟურნალისტი გარკვეული პირების მიერ დაკვეთილ კითხვებს უსვამდა და მის პროვოცირებას ცდილობდა.
„მე მას რამდენჯერმე ვთხოვე, დაეტოვებინა ტერიტორია, რადგან არ ვაძლევდი კომენტარს. ისეთ რამეს მეკითხებოდა, რომელიც არ იყო ამ საქმესთან კავშირში. მე სხვა საქმეზე ვიყავი ნასამართლევი და ისიც უკანონოდ ჩამსვეს ციხეში, თუმცა ეს ამ საქმესთან კავშირში არ არის. არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა მე მისთვის არ მიმიყენებია. როდესაც კითხვას მისვამდა, მე საბუთები ვუჩვენე და ვუთხარი, რომ მხოლოდ ამ საკითხზე ვითხოვდი პასუხის გაცემას“, – თქვა მიქავამ.
მერიის იურისტის, მადონა სახოკიას თქმით, მანანა მიქავას 2008 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით, გადაეცა ნიკოლაძის 3-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ზუგდიდის საკრებულომ მასთან ხელშეკრულება გააუქმა, მიწის ნაკვეთი კი ჩამოართვა.
“ეს იყო აუქციონის წესით მიღებული მიწის ნაკვეთი და იქ იყო გარკვეული ეტაპები, რომელი ეტაპებიც მას უნდა შეესრულებინა. ამ ეტაპების შეუსრულებლობის გამო, ზუგდიდის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვეტილიყო ხელშეკრულება მანანა მიქავასა და მუნიციპალიტეტს შორის. ამ პერიოდისათვის უკვე დაწყებულია დავა შპს “აკვაპარკსა” და მუნიციპალიტეტს შორის. იმ პერიოდისათვის, როცა მანანა მიქავამ ვალდებულება აიღო, ის დაკავებული იყო. მასთან ხელშეკრულება ოფიციალურად 2017 წელს შეწყდა, მიწის ნაკვეთი გარკვეული პერიოდი სახელმწიფო საკუთრება იყო, ახლა მუნიციპალური საკუთრებაა”, – ამბობს მადონა სახოკია.
საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად მაშინდელი პრეზიდენტის განკარგულებით მიიღო. მას 4-მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ განახორციელა და ზუგდიდის საკრებულომ მას ხელშეკრულება გაუუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.
აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები