ლაშა გვასალია თინათინ ბოკუჩავაზე: რაც მან განაცხადა, “ნაცმოძრაობის” მორიგი ტყუილია
გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგზე თინათინ ბოკუჩავას განცხადებას, რომ, თითქოს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ზუგდიდის მოსახლეობას პირადობის მოწმობებს ართმევენ, მმართველი გუნდის ადგილობრივ შტაბში პასუხობენ. ლაშა გვასალიას თქმით, ბოკუჩავას განცხადება “ნაცმოძრაობის” მორიგი ტყუილია.
“თინათინ ბოკუჩავამ რაც განაცხადა, არის სიცრუე. მას ან ტყუილს ეუბნებიან და ამას აჟღერებს, ან მატყუარაა. გუშინდელიდან მოყოლებული იტყუება, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დაასახელოს ერთი ადამიანი მაინც, ვისთანაც მივიდა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი. ისინი აგონიაში არიან. იციან ბოლო გამოკითხვის შედეგები და ცდილობენ, თავიანთი მარცხი რამეს გადააბრალონ”, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში დღეს ბრიფინგი გაიმართა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ქართული ოცნება” ზუგდიდში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს მოტყუებით ართმევს, რათა მათ არჩევნებზე მისვლა ვერ შეძლონ. მისივე თქმით, ამ ფორმით მმართველი პარტია არჩევნების შედეგების გაყალბებასაც შეეცდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები თუ არსებობს, ბოკუჩავას თქმით, კონკრეტულ ფაქტებს ვერ დაასახელებს, მაგრამ აქვს ინფორმაცია, რომ პირადობების ჩამორთმევა მასობრივად ხდება.
“პირადობების ჩამორთმევას აქვს მასობრივი ხასიათი. ხალხს ატყუებენ, რომ არიან ჩვენი წარმომადგენლები, ან გარკვეულ თანხას სთავაზობენ, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. კონკრეტულ ფაქტებს ვერ მოგახსენებთ, რადგან ხალხს ეშინია საჯაროობის, მაგრამ ეს ფაქტები მასობრივად ხდება”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
ამასთან, მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ფრთხილად იყვნენ, რათა მსგავს სქემებში უნებლიეთ არ მოხვდნენ.