„თუ პროკურატურა საბერძნეთის სასამართლოს გაუგზავნის მყარ მასალებს – ახალაიას ექსტრადირების საკითხი გადაწყდება“

თუ მთავარი პროკურატურა საბერძნეთის სასამართლოს გაუგზავნის მყარ მასალებს – ექსტრადირების საკითხი გადაწყდება – ამის შესახებ პოლიტოლოგმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა.
„ფაქტი, რომ დათა ახალაია საბერძნეთში დააკავეს, ეს არა პროკურატურის მხრიდან, არამედ მესამე პირების დახმარებით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის ბურუსით მოცული დათა ახალაიას საქმე. სანამ ახალაიას აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული და საბერძნეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვს, საქართველოს პროკურატურამ შესაბამისი მასალები უნდა მიაწოდოს საბერძნეთის სასამართლოს, რათა სასამართლომ ექსტრადიციის საკითხი გადაწყვიტოს.
კონკრეტულად, როცა საექსტრადიციო საკითხი იხილება, პირველ რიგში, დგინდება, ის ქმედება, რომლის გამოც პიროვნება პასუხისგებაშია მიცემული, ისჯება თუ არა იმ ქვეყანაში, სადაც პიროვნებაა დაკავებული. შემდეგ, სასამართლო არკვევს, არის თუ არა დევნა პოლიტიკური ან სხვა მოტივით, რომლის შემდეგაც, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადაციის შესახებ.
ახალაიას ადვოკატები პოლიტიკურ მოტივებზე ააგებენ მის დაცვას, წაიღებენ ბაჩო ახალაიას საქმესაც, რომელსაც დაემატება „ნაციონალების” მიერ მომზადებული დოკუმენტაცია, რომ ახალაია მათი სახე, ლიდერია.
თუ მთავარი პროკურატურა საბერძნეთის სასამართლოს გაუგზავნის მყარ მასალებს – ექსტრადირების საკითხი გადაწყდება. ვიმეორებ, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროკურატურის ინტერესში შედის.
ასეთი სურათი შევნიშნე, თითქოს, როცა პროცესი გამამართლებელი განაჩენით მთავრდება, მაინც და მაინც არ ადარდებს პროკურატურას”, – განაცხადა კახა კახიშვილმა“.
საბერძნეთის სასამართლომ ყოფილი მაღალჩინოსანი, 100 ათასი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, გუშინ გაათავისუფლა. ახალაიას სამშობლოში ექსტრადირების საკითხის განხილვა კი 2 თვით გადაიდო. ბერძნული მხარე საქართველოს პროკურატურისგან დამატებით მტკიცებულებებს ელოდება, რის საფუძველზეც მოსამართლე ახალაიას ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს გადაწყვეტს. ყოფილ მაღალჩინოსანს საბერძნეთის დატოვების უფლება არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები