„შსს-ს ყველა თანამშრომელი მოწოდებული ვართ, რომ სამშობლოს უსაფრთხოების გარანტი ვიყოთ“

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა და მათ პოლიციელის დღე მიულოცა. როგორც მინისტრმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი მოწოდებულია იმისკენ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სიმშვიდისა და ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტი იყოს.
შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლიციელის დღისადმი გამართული ღონისძიების სტუმრებს – პრემიერ – მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ვეტერან ოფიცრებსა და პოლიციელებს და შსს-ს ყველა თანამშრომელს.
“გილოცავთ პოლიციელის დღეს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს, ჩვენს კოლეგებს საზღვარგარეთიდან, რომლებმაც პატივი დაგვდეს, ჩამოვიდნენ და დღევანდელ დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერსა და მთავრობის წევრებს აქ მობრძანებისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავითს და დიპლომატიური კორპუსის წევრებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერან ოფიცრებს, ვეტერან პოლიციელებს, რომლებიც აქ იმყოფებიან. ჩამოვიდნენ და, როგორც ყოველთვის, საქართველოს გვერდში არიან. მათ დღევანდელ დღემდე მოიტანეს ჩვენი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია.
მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოფიცრებს, ბატონ პოლკოვნიკებს და ბატონ გენერლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ოფიცრებსა და პოლიციელებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან, მაგრამ დგანან ჩვენს საზღვრებზე, იმყოფებიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს შიდა თუ გარე მტრებისგან იცავენ.
გასაგებია, ჩვენი სამინისტროს ყველა თანამშრომელი აქ ვერ იქნება და მათ აქედან მივულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, თავიანთ საქმიანობაში ვუსურვებ კეთილსინდისიერ, წარმატებულ მუშაობას და, რა თქმა უნდა, პირად ცხოვრებაში დამსახურებულ სიკეთესა და წინსვლას.
მინდა, მივულოცო მათაც, ვინც ტელევიზიით გვადევნებს თვალს. მინდა, მივულოცო ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც გვერდში გვიდგას, ჩვენი ქვეყნის პატიოსან მოქალაქეებს. ჩვენი სამინისტროს ყველა თანამშრომელი ვართ მოწოდებული, რომ ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათი უსაფრთხოების და ჩვენი სამშობლოს -საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ღირსეული ოფიცერი თავის სიცოცხლესაც არ დაინანებს თავისი ქვეყნისა და თავისი ქვეყნის შვილების საკეთილდღეოდ. ჩვენ ამისი მრავალი მაგალითი გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ მრავალი დამსახურებული პოლიციელი, ოფიცერი დღეს ჩვენს გვერდში არ არის. მე მრავალ მათგანს ვიცნობდი. ეს უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი. მინდა მივულოცო იმ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი შვილები – ვაჟკაცი ქართველები, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მოქალაქენი თავიანთი ქვეყნის მოქალაქეობას შეწირეს. მივულოცავ მათ ოჯახებს, მათ შვილებს, დარწმუნებული ვართ, რომ მათი ოჯახები მათით ამაყობენ. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ჩვენგანი მათ შვილებზე, მათ ოჯახზე განსაკუთრებულად იზრუნებს“,-განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები