მეფუტკრეობის დარგში დასაქმებულებს ევროკავშირის მოთხოვნები გააცნეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ქუთაისში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მეფუტკრეებისა და თაფლის მწარმოებლების შეხვედრას დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს, მოქმედი საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა, მეფუტკრეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა და მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღდგენა წარმოადგენდა.
შეხვედრა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნეს.
,,მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება საქართველოში ისეთივე უძველესია, როგორც მეღვინეობა-მევენახეობა და ყველის წარმოება. სულ მალე ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ გააფორმებს შეთანხმებას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). სწორედ ეს შეთანხმება ქართული პროდუქციისთვის გახსნის მსოფლიოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს.
სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართული პროდუქცია ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე. ქართულ თაფლს აქვს რეალური შანსი, განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე“, – განაცხადა ოთარ დანელიამ. მეფუტკრეებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, მისი მოადგილე გელა სამხარაული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები, მეფუტკრეობის დარგში ჩართული ასოციაციები, ფერმერები და ევროკავშირის ექსპერტები.
შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს და ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები განიხილეს. ევროკავშირის ექსპერტი მატი ლამპი ევროპაში თაფლის წარმოებისა და რეალიზაციის მასშტაბების შესახებ მოხსენებით წარდგა და ქართული თაფლის ექსპორტის პერსპექტივები მიმოიხილა. მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარემ გიორგი კეპაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გილდიის მიერ შემუშავებული მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრის ბოლოს, ფერმერების და მეწარმეების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. სურსათის ეროვნული სააგენტო “მრგვალი მაგიდის” ფორმატში სხვადასხვა დარგის მეწარმეებთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები