ვოლსკი – „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია; ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში

“ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სისხლის სამართლის კოდექსიდან „სამშობლოს ღალატის“ მუხლის ამოღებაზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

„როდესაც ომის წინა პერიოდში მან ინტენსიური კონსულტაციები გამართა მაკკეინის გუნდთან, რომელიც იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღევანდელი გადმოსახედიდან მე ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ დაიგეგმა ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ შეიძლება, ყოფილიყო.

სააკაშვილმა შეცვალა თავისი პოზიცია, დაშალა მოლაპარაკების ფორმატები და გადავიდა ისეთ ქმედებაზე, რომელიც აშკარა იყო, რომ დამთავრდებოდა რუსეთის შემოჭრით, აშკარა იყო, რომ რუსეთი დაიპყრობდა იმ ტერიტორიებს, რომელიც დღეს მას აქვს ხელში ჩაგდებული, მაგრამ არავინ არ მოელოდა იმას, რომ სააკაშვილი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, სადაც იქნებოდა ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ბრალია.

როგორ შეიძლება, ასეთი ვითარებაში არ გქონდეს მუხლი, რომელიც წინასწარ განზრახვით იყო ამოღებული საკანონმდებლო სივრციდან. რადგან ზუსტად იცის მანაც [მიხეილ სააკაშვილმა] და ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, ვინც იმ რეზოლუციას აწერდა ხელს, სადაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება, ჯარისკაცები კინაღამ საერთაშორისო ტრიბუნალისკენ გაამგზავრეს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის ის, რასაც სამშობლოს ღალატი შეიძლება ეწოდოს. კანონი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს მტკიცე დამადასტურებელი ფაქტები იმისთვის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, – განაცხადა  ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები