“ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი, დიდი ალბათობით, მარტის შემდეგაც გაგრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,” – ლევან სილაგავა
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი, დიდი ალბათობით, მარტის შემდეგაც გაგრძელდება. – ამის შესახებ სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირა” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“რაც შეეხება ფქვილზე მოსაკრებლის გაგრძელების თემას: მოსაკრებელი პირველ მარტამდეა. დიდი ალბათობით, ეს გაგრძელდება, იმიტომ, რომ წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამის შესახებ დადგენილება უახლოეს მომავალში გამოვა. მე მინდა, ვთქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მოსაკრებლის გაგრძელება, ფაქტობრივად, ისაა, რომ ბაზარზე კონკურენციის პირობები ნარჩუნდება.
კიდევ ერთხელ მინდა, ავხსნა, თუ რას ემსახურებოდა ამ დადგენილების შემოტანა: გახსოვთ, 2021 წელში რუსეთმა ხორბალზე მცურავი ბაჟი შემოიღო და ფქვილზე იგივე, ნულოვანი გადასახადი დატოვა, რამაც მაშინ ფქვილის ძალიან სერიოზული აქტიური შემოსვლა გამოიწვია, ანუ კონკურენციის პირობები დაირღვა, წისქვილკომბინატები გაჩერდა, ადგილობრივი მოსავლის ჩაბარების პრობლემა დადგა. ჩვენი წარდგენით საქართველოს მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომ საქართველოს მხრიდან ხორბლის მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი გადასახადი ფქვილზე შემოღებულიყო. ამან, გარკვეულწილად მთლიანად ბაზარი დააბალანსა. საქართველოს მეხორბლეებმა ხორბალი ჩააბარეს. დაცული იყო სასურსათო უსაფრთხოება იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის შემოტანის დროს მარაგები ხორბლად კეთდება და რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მაღალი ინტერესია, ვიდრე, მაგალითად, პურის ფასი. იმიტომ, რომ თუ არის ხორბალი, გვაქვს უსაფრთხოება. პურზე ლაპარაკი როცა არის, შეგვიძლია, ეს შიგნით რაღაც მექანიზმებით დავარეგულიროთ, მაგრამ თუ ხორბალი არ გვაქვს, თავისთავად ცხადია, თვითონ პურის პრობლემაა. უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს და პურის ფასზე შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ, რაც რეალურად ახლაც ასეა. ამ მარაგების შექმნამ საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ დღესაც თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. ამ დადგენილებამ მოიტანა ის, რომ მოსაკრებლის სახით საქართველოს ბიუჯეტში, დაახლოებით, 50 მილიონ ლარამდე შევიდა. ეს ის ფულია, რომელიც შეიძლება, ჰიპოთეტურად, თუ რაიმე კატაკლიზმები მოხდა, სტაბილიზაციისთვის იყოს გამოყენებული (მათ შორის პურის ფასზე). ანუ, ამ ყველაფერმა ძალიან კარგად იმუშავა და დღესაც ბაზარზე სტაბილურობაა შენარჩუნებული” – განაცხადა სილაგავამ.