ზუგდიდში მიხაი ზიჩის სახელობის ჯილდოს გადაცემის ცერემონია და მისი ნამუშევრების ასლების გამოფენა გაიმართა

უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის სახელობის ჯილდოს გადაცემის ცერემონია და მისი ნამუშევრების ასლების გამოფენა ზუგდიდში, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გაიმართა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – დავით ვერავა, უნგრეთის ელჩი – ანა მარია შიკო და ზუგდიდის მერი – მამუკა წოწერია მოწვეულ პირებთან ერთად დაესწრნენ.

მიხაი ზიჩის ჯილდო 5 წლის წინ უნგრეთის საელჩომ დააარსა. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ხელოვნების განვითარებაში. წელს უნგრეთის საელჩოს ინიციატივით, გამოფენა პირველად ჩატარდა დადიანების სასახლეთა კომპლექსში.

გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ უნგრეთის საელჩოს მიერ მოწოდებული მიხაი ზიჩის ილუსტრაციების ასლები, 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“, სადაც ზიჩის ილუსტრაციებია შესული.

ასევე, გამოფენილი იყო ზიჩის ჯილდოს მფლობელების მხატვრების ზურაბ გაბულიასა და ლია შველიძის ნამუშევრები. მათ ჯილდო გადაეცათ გამორჩეული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.

უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა „ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები შექმნა. მას 1884 წელს ,,ვეფხისტყაოსნის” იონა მეუნარგიასეული ფრანგული თარგმანი გაუგზავნეს, რის მიხედვითაც მხატვარმა უნიკალური ილუსტრაციები შექმნა. შეკვეთილი თორმეტი ნახატის ნაცვლად მიხაი ზიჩიმ ოცდათოთხმეტი ნახატის ესკიზი შექმნა, საიდანაც ოცდაექვსი შეირჩა წიგნისთვის. შემდეგ მათ დაემატა კიდევ ერთი ფერადი ნახატი, რომელზეც გამოხატულია, როგორ მიართმევს შოთა რუსთაველი თამარ მეფეს “ვეფხისტყაოსანს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები