გედევან ფოფხაძე ჯიბღაშვილის დაკავების საქმეზე: სახელმწიფო პოლიტიკა ერთიან სტანდარტზე უნდა იყოს მორგებული

„სახელმწიფო პოლიტიკა ერთიან სტანდარტზე უნდა იყოს მორგებული. თუ სახელმწიფო ვიღაცის მიმართ ლოიალური იქნება და ვიღაცის მიმართ მკაცრი, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მართლმსაჯულებაში პოლიტიკური კუთვნილების სტანდარტს ამკვიდრებენ”, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
ჟურნალისტებმა მას მიმართეს კითხვით, ჯიბღაშვილის დაკავება და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ხომ არ აჩენს ორმაგი სტანდარტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს. ფოფხაძემ განაცხადა, რომ მსგავსი პრეცედენტები ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია. „სახელმწიფო პოლიტიკა ერთიან სტანდარტზე უნდა იყოს მორგებული. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვიღაცის მიმართ ლოიალური იქნება და ვიღაცის მიმართ მკაცრი, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მართლმსაჯულებაში პოლიტიკური კუთვნილების სტანდარტს ამკვიდრებენ. თუ ვიღაც მომწონს, იმას ლოიალურად მოვექცევი და იმას, ვინც არ მომწონს – მკაცრად – ამ სტანდარტს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ვაკრიტიკებდით. მივიჩნევ, რომ იმავე სტანდარტის დამკვიდრების მცდელობას მკაცრი პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს, თუ ჩვენ არ გვინდა, ერთი-ერთზე ისეთი ხელისუფლება მივიღოთ, რომელსაც ყველა შეაფასებს რეჟიმად”, – განაცხადა ფოფხაძემ. ცნობისთვის, ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები შერჩევით სამართალზე ლაპარაკობენ. მათი თქმით, სხვა შემთხვევებში, როდესაც მცირე რაოდენობის ნარკოტიკზეა ხოლმე საუბარი, სასამართლო ამა თუ იმ პირს წინასწარ პატიმრობას უფარდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები