ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი: სპეკულირებაა, რომ ჰესები გარემოზე მავნე ზეგავლენას ახდენს და აშრობს მდინარეებს

ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და იმ სამ ძირითად მიზეზს ასახელებს, რის გამოც, მისი აზრით, ჰიდროენერგეტიკა მნიშნველოვანია ქვეყნისთვის. მისი თქმით, ეს არის ენერგოდამოუკიდებლობა, სუფთა ენერგია და, გრძელვადიან პერსპექტივაში, სტაბილური ფასები.
არჩილ მამათელაშვილის თქმით, საქართველოს არ გააჩნია ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი, რაც ქვეყანას ენერგოდამოკიდებულს ხდის რეგიონის სხვა ქვეყნებზე.
„რეგიონში არსებული საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნისათვის აუცილებელია, ჰქონდეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთი კომპონენტი მაინც, რათა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა მისი ეკონომიკის სრული კოლაფსი არ გამოიწვიო”, – აღნიშნავს ენერგეტიკოსი. ამასთან, მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე – ეკონომიკურად მიზანშეწონილი სხვა ალტერნატივები: ნახშირზე, მაზუთზე ან გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურები.
ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ ჰიდროელექტროსადგურების განვითარება, გრძელვადიან პერსპექტივაში, სტაბილური ფასების გარანტია.
„ჰეს-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება არა მარტო იაფია სხვა არსებულ ალტერნატივაზე, არამედ მისი ფასის ცვლილებაც საკმაოდ დაბალია და არ არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ნედლეულის ფასებზე. ნებისმიერი სხვა ალტერნატივა – თეს-ები, იმპორტი – ახლადაშენებული ჰეს-ების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე მინიმუმ 30%-ით ძვირია. ჰესებში ინვესტიციების შეფერხების შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ან თბოსადგურის აშენება და დამატებითი ბუნებრივი აირის შეძენა სხვა ქვეყნებიდან, რამაც შესაძლოა, ფასების რყევა გაზარდოს, ან იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ელექტროსადგურების მშენებლობა და მათი ეკონომიკის ზრდა უნდა დავაფინანსოთ და უარი ვთქვათ საკუთარ ეკონომიკურ ზრდაზე“, – აცხადებს არჩილ მამათელაშვილი.
მისივე თქმით, როდესაც სპეკულირება ხდება, რომ ჰესები მავნეა გარემოზე და აშრობს მდინარეებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა.
„ჰიდროენერგეტიკას აქტიურად გამოიყენებენ ისეთი მწვანე და განვითარებული ქვეყნები, როგორებიცაა ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია, კანადა და ამერიკა. ამ ქვეყნებში მოხმარებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი სწორედ ჰიდროენერგეტიკაზე მოდის და დამეთანხმებით, რომ თითოეული ამ ქვეყნის ზრუნვა გარემოზე ნამდვილად სამაგალითოა“, – აცხადებს ენერგეტიკოსი.
მისი თქმით, ჰიდროენერგეტიკის განვითარებას, ასევე, მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტებიც აქვს, მათ შორის – სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება, დამხმარე ინდუსტრიების განვითარების წახალისება და დასაქმების ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები