თავდაცვის სამინისტრო: წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს

ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს. საზეიმო ცერემონიას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ახალწვეულები კაპელანმა თადეოზმა დალოცა.

ღონისძიებას წვევამდელების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა რიგითმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა.

რეკრუტებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) გორის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, განახლებული პროგრამით გაიარეს.  სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები გაწვევის ახალი სისტემის ფარგლებში, სავალდებულო გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითა და უქმე დღეებით ისარგებლებენ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები გორის პირველ ქვეით ბრიგადაში იმსახურებენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები