თემურ მიქელაძე: თუ ბავშვის ორგანიზმში რკინისა და კალციუმის შემცველობა საკმარისია, მას ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდება

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ ჩატარებულ კვლევას პედიატრი თემურ მიქელაძე ეხმაურება.
როგორც მიქელაძე აღნიშნავს, ზოგადად, ტყვიის ხანგრძლივი ქრონიკული ზემოქმედების შედეგად შეიძლება, განვითარდეს ადვილად დაღლილობის სინდრომი; შეიძლება, მოხდეს ბავშვის გონებრივი და ფსიქომეტრიული განვითარების შეფერხება.
მისი თქმით, თუ ბავშვთა კვება მოხდება სწორი მიმართულებით და მათ ორგანიზმში სწორად იქნება რკინისა და კალციუმის საკმარისი შემცველობა, რაც გინდა მაღალი შემცველობა ჰქონდეთ ტყვიისა, მათ ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდებათ.
“ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის დროს კლინიკური გამოვლინებების იდენტიფიცირება ძნელია იმიტომ, რომ ასე კლინიკური, გამოხატული ნიშანი მას არ გააჩნია, თუ არ გვაქვს მწვავე მძიმე მოწამვლა. მწვავე მძიმე მოწამვლა საკმაო იშვიათია, პრაქტიკულად, არც კი შეგვხვედრია მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა და ასეთი პაციენტები იმ დღესვე ხვდებიან ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში. ტყვიის ხანგრძლივი ქრონიკული ზემოქმედების შედეგად შეიძლება, განვითარდეს ადვილად დაღლილობის სინდრომი; შეიძლება, მოხდეს ბავშვის გონებრივი და ფსიქომეტრიული განვითარების შეფერხება და სკოლაში აკადემიური მოსწრების დაქვეითება, გონებრივი განვითარების შეფერხება და ა.შ.
ჩვენ კვლევას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავადგინოთ წყარო, საიდან ხდება ამ ბავშვების მოწამვლა. შესაბამისად, ქვეყანამ და მთავრობამ ამის შემდეგ უნდა მიიღოს ძირითადი სტრატეგიული ღონისძიებები, რომლებიც სწორედ ამ წყაროს აღმოფხვრის.
თუ ჩვენ გვექნება ბავშვებში სწორი ნუტრიენტული სტატუსი, ანუ ბავშვთა კვება მოხდება სწორი მიმართულებით და მათ ორგანიზმში სწორად იქნება რკინისა და კალციუმის საკმარისი შემცველობა, რაც გინდა მაღალი შემცველობა ჰქონდეთ ტყვიისა, მათ ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდებათ. ამიტომ, ძირითადად, რეგიონებში სამი რეგიონი იყო დასახელებული. ჩემი აზრით, მთავარია სწორი ნუტრიენტული სტატუსის შეფასება ამ პაციენტებისა. თუ იქნება ამ კონკრეტული ნივთიერებების დეფიციტი, საჭიროა სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება ასეთი პაციენტებისთვის, რომელსაც სახელმწიფო, პრაქტიკულად, უფასოდ უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ტყვიის ასეთი მძიმე მოწამვლა, ან ქრონიკული მოწამვლა მათ არ უნდა განუვითარდეთ.
ზოგადად, ქვეყანაში საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს იმიტომ, რომ სიტუაცია, დაახლოებით, 90-იან წლებში იგივე იყო აშშ-ში და სწორედ აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო სტრატეგიული ღონისძიებები და ამოიღო ხმარებიდან ისეთი პროდუქტების მიწოდება, რომლებიც შეიცავდა ტყვიას. ეს იყო საღებავები, ეთილირებული ბენზინი, სათამაშოები და ა.შ. თუ ეს ყველაფერი გაკონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ტყვიის პრობლემას მაქსიმალურად აღმოვფხვრით”, – აცხადებს თემურ მიქელაძე.
საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში მერყეობს, რაც მსუბუქ მატებაზე მიუთითებს; ხოლო ბავშვების 16 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები