რუსთაველის საზოგადოებამ ქართული ენის დღე ციხე-ქალაქ ანისში აღნიშნა (ფოტორეპორტაჟი)
სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ 14 აპრილი – ქართული ენის დღე თურქეთში, ისტორიულ ციხექალაქ ანისში აღნიშნა.
რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის დავით შემოქმედელის თქმით, რუსთაველის საზოგადოების მიზანია საქართველოს ისტორიული კუთხეების მონახულება. დელეგაცია ჯერ ისრაელში, წმინდა მიწაზე იმყოფებოდა, სადაც რუსთაველის იუბილე აღინიშნა, შემდეგ იყო ტაო-კლარჯეთი, კაპადოკია, ისტორიული ჰერეთი, ამჟამად კი თურქეთში ისტორიული ყარსი (ქართული სახელწოდება კარი) და ქალაქი ანისი მოინახულა, სადაც თავის დროზე 1001 ტაძარი იდგა და სადაც ამჟამად მხოლოდ 2 ქართული ტაძარია შემორჩენილი.
ტაძრის ფასადზე, თვალსაჩინო ადგილას შემორჩენილია ქართული წარწერა, რომლის მიხედვითაც, ქართული მართლმადიდებლური ტაძარი საქართველოს სახელმწიფოს მკვიდრმა, ეთნიკურად სომეხმა ტიგრან ჰონენცმა 1215 წელს ააგო. ტაძარი მოხატულია და თვალსაჩინო ადგილას იკვეთება ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ნინოს ხელაპყრობილი უძველესი ფრესკა.
ქართული ენის დღე – 14 აპრილი ანისში, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სწორედ ამ ქართული ტაძრის ეზოში აღინიშნა. მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები, პოეტები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები, ჟურნალისტები…
დავით შემოქმედელი, სრულიად რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე:
„მანამდე რუსთაველის საზოგადოებამ ისრაელში ჩაატარა რუსთაველის იუბილე, ამჟამად კი გრიგოლ განმანათლებლის ტაძარში ქართული ენის დღე აღინიშნა და ერთ დროს ჩვენს ისტორიულ ქართულ მიწაზე ქართული სიტყვა გაისმა.
ქართული ენა არის ის ციხესიმაგრე, რაც უფალმა შემოარტყა საქართველოს, დიდი ილიას სამი ჰიპოსტაზიდან ქართული ენა არის ერთ-ერთი უმთავრესია, სავსებით ვეთანხმები იმ აზრს, რომ ენა იგივე ერია. ის, რომ საქართველო დღეს მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ასეთი აგრესიული მტრების გარემოცვაში გადარჩა, უმთავრესი მისი დამცველი იყო ქართული ენა, იგივე ლაზარე. ამ ენას, ჩვენს დიდ სიმდიდრეს, საგანძურს კიდევ მეტი მოფრთხილება სჭირდება.
საგულისხმოა, რომ სწორედ ანისში, მართლმადიდებლურ ტაძარში, წმინდა ნინოს უძველეს უნიკალურ ფრესკასთან ვლაპარაკობთ ქართულ ენაზე“…
გიორგი გოგოლაშვილი, რუსთაველის საზოგადოების განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი:
„ეს ტაძარი მოწმობს, სანამდე სწვდებოდა დიდი საქართველოს ხმა და დავითის ძალა და უნარი დიდი საქართველოს მართვისა და შემდეგ თამარ მეფისა, ეს თამარ მეფისდროინდელი ტაძარი გახლავთ.
თავისთავად ის ფაქტი, რომ მუხრან მაჭავარიანი ამბობს, „ქართველი ქართველთ რწმენაა, ღმერთია ბედისწერაა“, – ეს არ არის მხოლოდ ლამაზი პოეტური ფრაზები. ეს ჩვენი ისტორიის მცოდნე კაცის მიერ პოეტურად შეფასებული რეალობაა. გაიხსენეთ თუნდაც დავათის სტელა, იქ გამოხატული კომპოზიცია-საოცრება, სადაც ღმერთია ქართული ენა, გაიხსენეთ მე-10 საუკუნე და გიორგი მერჩულე, მისი საოცარი სიტყვები: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების“… გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება, ენას ღვთაებრივი საუნჯე რომ უწოდა. ეს იგივეა, რაც მერჩულემ მე-10 საუკუნეში თქვა და მერე გოგებაშვილმა განათლებაც დაუმატა… აღარას ვამბობ იოანე ზოსიმეს სიტყვებზე: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“… ჩვენს ისტორიას მოსდევს ის, რომ ქართული ენა ქართველი კაცისთვის იყო სწორედ ღვთაებრივი საუნჯე“…
გიორგი გოგოლაშვილმა ხაზი გაუსვა წინაპრების ღვაწლს, ვინც აქ ტაძარს ქმნიდა, ვინც ქართულად წირვა-ლოცვასა და გალობას აღავლდენდა. „ეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ჩვენი ყველაზე ლამაზი გამოხატულებაა. ჩვენი პატივისცემისა და მოკრძალებული წვლილისა, იმისა, რომ არ დავივიწყოთ და არ დავკარგოთ ის, რამაც შექმნა ჩვენი ისტორია, ქართული ენის ისტორია“…
ჯუბა ღებელი, პოეტი:
„ჩვენ ვიმყოფებით 1001 ეკლესიის ქალაქ ანისში, მახსენდება ფრაგმენტი მურმან ლებანიძის პოემიდან „ანისის აღება“: „ბრუნდებოდა, სპა ანისით ბრუნდებოდა, სად მახვილით სამართალი ვყავით. ოცდაათი წელიწადი სრულდებოდა, აზიაში ხრმალს იქნევდა დავით“…
სწორედ იმდროინდელი ძლიერების სიმბოლოა ეს ტაძარი, სადაც წმინდა ნინოს უძველესი ფრესკაა შემონახული, ვულოცავ საქართველოს დღევანდელ დღეს, ქართული ენის დღეს.
ჯუბა ღებელმა იმ დღეს დაწერილი ახალი ლექსი წაიკითხა:
„ენა მეგრელთა, სვანთა, იბერთა,
მიმობნეული გზებზე იებად,
მტერმა აღმოფხვრა ვისიც ინება,
მაინც მზედ ბრწყინავს განსაცვიფრებლად,
იყოს, შენ ჩვენო სისხლის დინებავ,
მარადიული შენი დიდება“!…
სიტყვით გამოვიდნენ და ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: რუსთაველის საზოგადოების საქართველო-ისრაელის ურთიერთობების თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა ლეილა ნოდიამ, პოეტმა, ესეისტმა და მთარგმნელმა ნინო ქუთათელაძემ, ლიტერატორმა მარინა ნონიკაშვილმა, მწერალმა ლალი მიქაძემ, ფილოლოგმა და პედაგოგმა თამარ მახარაძემ, პოეტმა და ჟურნალისტმა, ჟურნალ „ანეულის“ მთავარმა რედაქტორმა თამარ შაიშმელაშვილმა, გიდმა ნიკა ცხომელიძემ, მხატვარმა ელენე გამგონიძემ, ქორეოგრაფმა თენგიზ გაჩეჩილაძემ…
საღამო მომღერლისა და რეჟისორის მარინა კოლხიდაშვილის გალობის ფონზე დასრულდა.
მზია გოგოძე, ჟურნალისტი: – „დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ანისში დასამახსოვრებელი იყო, შემეცნებითმა მოგზაურობამ ძალიან შთამბეჭდავი, ემოციური და საინტერესო მოგონება დაგვიტოვა, რომელიც მუდამ გვემახსოვრება და ლამაზ მოგონებად დაგვრჩება“…
ასე ვფიქრობდით თითოეული ჩვენგანი და ტკივილნარევი სიხარულით ვბრუნდებოდით ანისიდან…
თამარ შაიშმელაშვილი
ავტორის ფოტოები