დავით მაღრაძე: არჩევნებზე წელგამართული გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ ისეთს, ვინც ჩვენს გულისტკივილს პოლიტიკაში მიიტანს

„ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები… იმედი მაქვს, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ. გვარებს არ ვეხები, უბრალოდ, პიროვნებებზე ვსაუბრობ“, – ამის შესახებ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა, დავით მაღრაძემ განაცხადა.
დავით მაღრაძემ ფილარმონიაში შეკრებილ საზოგადოებას, სიტყვით გამოსვლისას, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შექმნის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მოძრაობის მიზანი ემსახურება იმას, რომ მათი წუხილი პოლიტიკამდე მიიტანონ. მისივე განმარტებით, დღეისათვის არსებობს ორი პოლიტიკური პარტია, რომელთაგან უკეთესი მომავლის შექმნის შთაბეჭდილებას არც ერთი ტოვებს.
„ხშირად მეკითხებოდნენ სტუმრები, ვინ იქნებით ხვალ, ვინ შეიკრიბებით 13 აპრილს, იქნებიან, თუ არა გაჩეჩილაძეები? ლევანს ვესაუბრე, ჩვენთან ერთად იქნება ყოველთვის მოძრაობაში „დაიცავი საქართველო“. ლაშა ამირეჯიბიც დავინახე. ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები… იმედი მაქვს, აქ არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ. გვარებს არ ვეხები, უბრალოდ, პიროვნებებზე ვსაუბრობ. ეს გვარები ღმერთმა ამრავლოს და ყველას სიკეთე მინდა ვუსურვო.
სიტუაცია, ჩვენი აზრით, ჩვენი თვალსაწიერიდან, ისეთადაა დანახული, რომ შეიძლება მოახლოებული იყოს ბევრი საფრთხე, რომელიც გვინდა ავიცილოთ და არჩევნებზე უფრო მხნედ წავიდეთ. არჩევნებზე წელგამართული გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ იმედი გვქონდეს ვიღაცის, ისეთის, ვინც ჩვენს გულისტკივილს მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვა. ამ ორი პარტიიდან დღეს ვერც ერთი ვერ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს საწადელს და გულის წუხილს მიიტანს ქართულ პოლიტიკაში და თავის ენერგიას მოახმარს იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გათენდეს.
ასე მგონია და ასე ვხედავ, რომ დაიხუთა ეს ასპარეზი და დაიხუთა ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს ჩემობს პოლიტიკური სივრცე მოიცვას, თითქმის, კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს. ახალგაზრდები ყოველთვის თავისუფლები არიან. თავისუფლებისკენ სწრაფვა მათი ცხოვრების წესია და გვინდა, რომ ამ მოძრაობას საფუძველი დავუდოთ, როგორც ერთ დროს აქ, ბევრი წლის წინ, სახალხო ფრონტს ჩაეყარა საფუძველი. ვიფიქრეთ, რომ „დაიცავი საქართველო“ ამ ნიშნით გაგვეცოცხლებინა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები