ეროვნულ მუზეუმში სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების წარდგენა გაიმართა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, მუსიკის მცოდნეები, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნევმები, რომლებიც X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებშია დაცული, ძველ სამუსიკო ნიშნებს წარმოადგენს და საგალობლის ჰანგის ჩაწერა სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა. ნევმების სისტემის მიმართ სამეცნიერო ინტერესი მრავალი წელია არსებობს და მასზე არაერთ მეცნიერი მუშაობდა, თუმცა ნევმების საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.
იმ ხელნაწერთა შორის, რომლებშიც ნევმური სისტემაა შემონახული, უძველესი და ყველაზე გამორჩეული მიქაელ მოდრეკილის „იადგარია“, რომლის კრებულის შესახებ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არაერთი სამეცნიერო კვლევა არსებობს.
„თამამად შეიძლება ითქვას – მიქაელ მოდრეკილის იადგარი ევროპული კულტურის ნაწილსა და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ფაქტია, რომ ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე მეცნიერული კვლევები ნამდვილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ უნიკალური ქართული სამუსიკო სისტემის ძირითადი პრინციპები და ქართული საგალობლები X საუკუნის ორიგინალთან მიახლოებული სახით აღვადგინოთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ანჩისხატის გუნდის წევრები, მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი ქართულ გალობას ბოლო 30 წლის განმავლობაში მეცნიერულად სწავლობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ზაალ წერეთელმა 6 წლის განმავლობაში იკვლია X საუკუნის ქართულ ხელნაწერებში, ნევმირებულ ძლისპირებსა და მიქაელ მოდრეკილის იადგარში დაცული ნევმური სისტემა. მკვლევარმა ნევმურ და თანამედროვე სანოტო სისტემით ჩაწერილ საგალობლებს შორის კავშირი აღმოაჩინა. ეს კავშირი ქართული გალობის უწყვეტი ტრადიციის მანიშნებელია, რომელიც X საუკუნიდან დღემდე არსებობს.
ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. ქართული ტრადიციული მუსიკა მსოფლიო მონაპოვარია, რომლის მეცნიერულ კვლევას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.