დები თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნება
14 აპრილს, 19:30 საათზე, ფილარმონიასთან, დების – ეთერ და ლელა თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნება.
ეთერ თათარაიძე — პედაგოგი, პოეტი და ფოლკლორისტი. დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში.
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ამავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე. 1985–2006 წლებში მუშაობდა ფოლკლორის კათედრაზე. პარალელურად, 2004 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ფოლკლორის ცენტრში ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელად.
საკუთარი ლექსები ეთერ თათარაიძემ ქართველ მკითხველს პირველად 1979 წლის 14 აპრილს გამართულ ქართული ფოლკლორის საღამოზე გააცნო. ასე შემოიტანა მან ქართულ პოეზიაში „თუშური ხმით ნატირლების“ ხიბლი.
იგი ავტორია პოეტური კრებულებისა: „იმედის გვირილაო“ (1979), „მთვარის ნალი“ (1988), „ჩამომიარ საწუთრომ“ (1998), „100 ლექსი“ (2012) და სხვ. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ქართული დემონოლოგია, ქართული ლეგენდა; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში – კითხულობდა ლექციებს ქართულ დემონოლოგიაში; საშუალო სკოლებში ასწავლიდა ზეპირსიტყვიერებას. თანაავტორია (ა. არაბულთან ერთად) წიგნებისა: „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა ნათელი”(1990), „შენდობით მომიხსენიეთ”(2007), „ავაგე ეკლესიები”(2010) და სხვ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი(1998), ასოცირებული პროფესორი (1998).
2009 წელს დაჯილდოვდა „ფოლკლორის ეროვნული პრემიით”; 2012 წელს – ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურული პრემიით„საგურამო”; 2008 წელს – ლიტერატურული პრემიით „საბა”; 2007 წელს – ღირსების ორდენით.
„ავაგე ეკლესიები“ (თანაავტორი). – თბილისი, 2010.
„აღათო: თუში ქალ-ვაჟის სიყვარულის ისტორია“ (ავტორი). – თბილისი, „უნივერსალი“, 2009.
„ჩამომიარ საწუთრომ“… :ლექსები (ავტორი). – თბილისი, „ლომისი“, 1998.
„მთვარის ნალი“: ლექსები (ავტორი). – თბილისი, „მერანი“, 1988.
ლელა თათარაიძე – მომღერალი, სოლო შემსრულებელი (გარმონი, ფანდური), სიმღერების ავტორი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში დაიბადა. საშუალო განათლება ალვანის სკოლაში მიიღო. 1971 წელს თბილისის სერგო ზაქარიაძის სახ. კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა.
მთელი ცხოვრების მანძილზე, ლელა თათარაიძე მშობლიურ ალვანში მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა თბილისის შემოქმედებით ცხოვრებას. მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში, შემდეგ, თბილისში, საქართველოს სახ. ფილარმონიაში, ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში უკრავდა. გარკვეული ხანი ზემო ალვანის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ამას სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორულ ანსამბლის სოლისტობა მოჰყვა.
პარალელურად საქართველოს სახ. ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ „კელაპტრის“ სოლისტი იყო. სოფელ ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „თუშეთი”.
1992 წლიდან მუშაობდა მერაბ კოსტავას სახ. ეროვნულ თეატრში, სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებლად და მსახიობად. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა ფოლკლორულ ტრიო „ქართულ ჰანგს”.
2000 წელს ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი „კესანე“ ჩამოყალიბდა. ლელა თათარაიძე კვარტეტის უცვლელი ხელმძღვანელია.
ხშირად მონაწილეობდა კულტურულ პროექტში: ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით). მრავალი ოქროს მედლისა და პრიზის მფლობელია. პერიოდულად მონაწილეობს ტელე-რადიო გადაცემებში. სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდში ლელა თათარაიძის შემოქმედების მრავალი ნიმუში ინახება. იგი მრავალი ცნობილი სიმღერისა და მუსიკალური თემის ავტორია. დაამუშავა და არანჟირებული აქვს თუშური მელოდიები.