ოთარ რამიშვილის გაკვეთილები, ბალახის საჭრელი მანქანის გამოგონება და… მიხეილ ჭიაურელის სპექტაკლში შესრულებული პოლიცმაისტერის როლი…

სკოლა სოხუმში დაამთავრა. ჟურნალისტობას აპირებდა, წერაც ეხერხებოდა, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი დაამთავრა – დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის სპეციალობით და ხელოვნების, კინოტელედრამატურგიის სპეციალობით
სტუდენტობიდანვე ეზიარა დიდი რეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის ლექციებს, მონაწილეობდა სპექტაკლ „მელანიას ოინებ, სადაც პოლიცმაისტერის როლს ასრულებდა.
მისი პიროვნებისთვის განუყრელი ატრიბუტებია – სიმღერა და იუმორი… შესანიშნავად მღერის გიტარის თანხლებით… თარგმნის რუსულ პოეზიას… მისთვის ძვირფასია მეგობრობა მიხეილ ჭიაურელთან, მოგონებები ვერიკო ანჯაფარიძეზე, ოთარ რამიშვილზე, თანამშრომლობ სატირულიუმორისტულ ჟურნალნიანგთან და ნოდარ დუმბაძესთან...
მრავალწლიანმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ მრავალი დასამახსოვრებელი წუთი დაუტოვა. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ასწავლი ინგლისურ ენას...
ყვარს თევზაობა, მუსიკა, კროსვორდები და ვიქტორინები...  ჰუმანიტარული განათლების მიუხედავად, საკმაოდ კარგად ერკვევ ტექნიკაში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გამოგონების ავტორია. თუმცა,  ჯობია, თავად მოუსმინოთ.  პედაგოგისა და კინოტელედრამატურგის, თამაზ თევდორაძის პერსონა.

 – ბავშვობა ბედნიერი მქონდა. მამა გურული იყო, დედა იმერელი. ამიტომ მე და ჩემს და-ძმას ყველა ზაფხული ორად გვქონდა გაყოფილი – გურია და იმერეთი, ან პირიქით, იმერეთი და გურია. ჩემი ძმა ჩემზე წლინახევრით უმცროსი იყო და თითქმის ტყუპებივით ვიყავით, მშობლებიც ერთნაირად გვაცმევდნენ. ლაპარაკი აკვანშივე, 11 თვისას, დამიწყია.

დედასთან ერთად

მამა ექიმი იყო და სოხუმის ცენტრალურ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში მუშაობდა. სკოლაში რომ შემიყვანეს, წერა-კითხვა უკვე შემეძლო. დედა განათლებით აგრონომი იყო, მაგრამ განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდა ლიტერატურისადმი. შესანიშნავად იცოდა თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ცდილობდა ჩვენთვისაც შეეყვარებინა კითხვა. თვითონაც წერდა არცთუ ურიგო ლექსებს (უმეტესობას მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავეცანი). სწორედ დედის იდეა იყო, რომ ბავშვობიდანვე დამეწყო ინგლისური ენის შესწავლა.
მოგვიანებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლისას, საკურსო ნამუშევარი წარვადგინე – არტურ კონან დოილის მოთხრობის თარგმანი.
ჩემმა პედაგოგმა, ქალბატონმა ნია აბესაძემ, „ფრიადზე“ რომ შემიფასა ნამუშევარი, მკითხა, ხომ არავინ დაგხმარებია თარგმნაშიო. ვუპასუხე, დედამ წაიკითხა და რამდენიმე შენიშვნა მომცა- მეთქი. დედა ფილოლოგიაო? – მკითხა. არა, აგრონომი-მეთქი, რომ ვუპასუხე, ძალიან გამხიარულდა და დიდი პატივისცემით მომიკითხეო, დამაბარა.
მამა ტიპური გურული, ენამოსწრებული და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული კაცი იყო. ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა და კბილის ამოღების წინ შიშით აკანკალებულ პაციენტს ისე გააცინებდა, ეს უკანასკნელი მოგვიანებით ხვდებოდა, რომ კბილი უკვე ამოუღეს!
ერთხელ, თბილისში, სტუმრად მივედით დეიდაჩემთან მთელი ოჯახი. ბიძაჩემი, დეიდას ქმარი, ცნობილი ქირურგი და მეცნიერი, გრიგოლ ფირცხალავა, ტანად მოსული ვაჟკაცი იყო, კეთილი მასპინძელი და კარგი მომლხენი. შევედით თუ არა, წარმოგვიდგინა თავისი სტუმარი, პატარა ტანის, ძალიან გამხდარი და ჩია კაცი, გაიცანით, ჩემი ძუძუმტეაო. მამაჩემმა ახედ-დახედა ამ კაცს და ბიძაჩემს მიუბრუნდა. „ამის წილი ძუძუ სულ შენ გიჭამია, ჩემო გრიშაო!” აბა, იქ უნდა გენახათ სიცილი და მხიარულება…

ოთარ რამიშვილთან ერთად

მეც, რაც კი შევძელი, ავიღე დედ-მამისგან – არც ლიტერატურის სიყვარულის ნაკლებობას განვიცდი, არც იუმორისას! ჰო, კიდევ, დედას ძალიან უნდოდა, მცოდნოდა ევროპული ცეკვები და გიტარაზე დაკვრა. თვითონაც იცოდა ცეკვა და ცდილობდა ესწავლებინა შვილებისთვის. მახსოვს, სტუდენტობისას, ბებიასთან წავედით სტუმრად ორი დღით მე, დედა და ჩემი ოთხი მეგობარი ხარაგაულის რაიონის ულამაზეს მთიან სოფელ ხორითში. ბებია იქ მარტო იყო, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზამთრობით თბილისში მოგვყავდა. ორდღიანი სტუმრობის შემდეგ გამოვწიეთ მხიარულებმა თბილისისკენ. ფეხით უნდა ჩაგვევლო გრძელი გზა და სადგურ ძირულაში დავლოდებოდით მატარებელს. საათნახევარი მაინც რჩებოდა მატარებლის მოსვლამდე და დედამ ეს დრო რაციონალურად გამოიყენა: ბებიას პურმარილითა და ღვინით გამხიარულებულები წყვილებად დაგვაყენა სადურის მოსაცდელ დარბაზში, თვითონაც ჩაგვიდგა შუაში, და მატარებლის მოსვლამდე – „ერთი, ორი, სამი! ერთი, ორი, სამი!“ – ვალსის ილეთები გვაკეთებინა!
– მღერით გიტარაზე, ვიცი, რომ დედამ შეგაყვარათ…
– ჰო, გიტარაც დედამ შემაყვარა. თვითონ მამამისისგან, ილია კაპანაძისგან ჰქონდა ნასწავლი. ბაბუაჩემი მთელს ზემო იმერეთში ცნობილი თამადა, საქართველოს ისტორიის შესანიშნავი მცოდნე, მჭევრმეტყველი და განათლებული პიროვნება იყო, კარგად იცოდა რუსული ენა და ლიტერატურა.
დედაჩემს მამაჩემი რომ გაუცვნია და ერთმანეთი მოსწონებიათ, ხორითში აუყვანია მშობლებთან წარსადგენად. აივანზე გაშლილ სუფრასთან საუბრისას უცებ საიდანღაც პატარა თაგუნა გამომძვრალა. მოსაუბრეების წინ ჩაურბენია. სასიძომ არც აცივა, არც აცხელა, მკვირცხლად ისკუპა და დაუპატიჟებელი სტუმარი დატყვევებული წარუდგინა საზოგადოებას. ბაბუაჩემს შეუწყვეტია ოფიციალური საუბარი და საკითხიც გადაწყვეტილა: აბა. ასეთ კაცს სიძეობაზე უარს როგორ ვეტყვიო! დედა მუსიკის სწავლას მაძალებდა და სამუსიკო სასწავლებელშიც შემიყვანა ფორტეპიანოს კლასში (რეკომენდაცია ცნობილმა კომპოზიტორმა ოთარ თევდორაძემ გამიწია).
მუსიკა თავისთავად მხიბლავდა, თუმცა თეორიული საგნების სწავლას გული ვერ დავუდე და ერთ დღესაც გამოვუცხადე, აღარ მინდა მუსიკის სწავლა-მეთქი. მეგონა, დედა ერთ ამბავს ამიტეხდა, მაგრამ მან მშვიდად მომიგო, თუ არ გინდა, არავინ გაძალებს, მაგრამ მერე იცოდე, არ ინანოო! ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც მე დედის სიტყვები ამიხდა! მეცხრე კლასში მოულოდნელად შევამჩნიე, რომ ჩემი ტოლი ბიჭები, ზოგი მღეროდა, ზოგი უკრავდა (მაშინ ხომ მუსიკის სწავლა თითქმის სავალდებულოდ ითვლებოდა ყველა ოჯახში) და გოგოებშიც პოპულარობით სარგებლობდნენ!
მაშინ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, დამოუკიდებლად მესწავლა. მალე საშუალო სკოლაც უნდა დამემთავრებინა და მომავალ სპეციალობაზეც მეფიქრა, ამიტომ ღამღამობით ვიჯექი მაგიდასთან და სოლფეჯიოს ვკითხულობდი. მეზობელი ჩემზე უფროსი ბიჭი გიტარაზე უკრავდა და სიამოვნებით მასწავლიდა აკორდებს. დედამ ეს რომ შეიტყო, ჩაიცინა და გიტარა მიყიდა…
– მეგობრობდით ოთარ რამიშვილთან, მასთან მრავალი დასამახსოვრებელი წუთი გაატარეთ…
–  ცხოვრებამ ოთარ რამიშვილს შემახვედრა, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. საინტერესო ის არის, რომ იგი თევზაობისას გავიცანი და არა სუფრასთან. შემდეგ განუყრელი მეგობრები გავხდით და სათევზაოდაც ერთად დავდიოდით, გიტარაც მუდამ მედო მანქანის საბარგულში, ასე რომ გაკვეთილები მიტარდებოდა ყველგან – წყლის პირას, სუფრასთან და ავტომანქანაშიც კი.
ოთარს, როგორც ჭეშმარიტ გურულს, მკვირცხლი გონება და იუმორი თანდაყოლილი ჰქონდა.
ერთ დილით სახლში მივაკითხე, შაბათი დღე იყო.

მერაბ გურჯიძე, ოთარ რამიშვილი, თამაზ თევდორაძე

შევედი თუ არა, საშინელ პახმელიაზე ვარ და რამე მოვიფიქროთო. მე ჯიბეზე გავიკარი ხელი და რაც ფული მქონდა, მაგიდაზე დავდე. ეგ არ გვეყოფა, შეინახეო, მანიშნა. მერე ტელეფონი აიღო და სადღაც დარეკა. მოკითხვის შემდეგ საქმეზე გადავიდა: „მამა (ასე მიმართავდა ასაკით უმცროსებს, მათ შორის მეც), რომ იცოდე, რა ღვინო ჩამომიტანეს კახეთიდან! მარა რა გინდა, საჭმელი არ გვაქვს არაფერი“… იქიდან რა უპასუხეს, არ ვიცი, მაგრამ სახეზე შევატყე, რომ კმაყოფილი იყო. დაკიდა თუ არა ყურმილი, მომიბრუნდა და მეუბნება: „ახლა ნახე, რა პურმარილი მოვაო!“ მე მიამიტურად ვკითხე: „კი, მაგრამ, ღვინო სად არის-მეთქი?“ – დამაცადე ცოტაო, აიღო ისევ ტელეფონი და ვიღაცას ეუბნება: „მამა, გადასარევი პურმარილი გამომიგზავნეს სოფლიდან, მაგრამ ღვინო არ გვაქვს საკადრისი და შენებურად გვიშველე რამეო!“
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ საათში სუფრაც გაშლილი იყო და რქაწითელით სავსე ოცლიტრიანიც.
დანარჩენი უკვე უკვე ადვილი წარმოსადგენია. ასეთი მეგობრები ყველგან ჰყავდა ოთარს, უყვარდათ და პატივს სცემდნენ, ზოგი მოწაფის მშობელი იყო, ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი… ერთხელ გორში წავედით, ოთარის მეუღლის, ქალბატონი გულნაზის ნათესავმა, თამაზ კლიმიაშვილმა დაგვპატიჟა მწვადებზე. ოთარმა აიჩემა, ბაზარში წამიყვანეთ, ვაშლი უნდა ვიყიდოო (უკვე დიაბეტი აწუხებდა და მხოლოდ „ბროდსკის” ჯიშის ვაშლს ყიდულობდა). ბაზარში სიარულისას ერთმა გამყიდველმა ჩამჩურჩულა, ეს კაცი ოთარ რამიშვილი არ არისო? კი-მეთქი, რომ ვუთხარი, გადმოახტა ყუთებს და ოთარს გადაეხვია. „ბატონო ოთარ, შენი სიმღერები სულ ზეპირად ვიცი, ჩემი შვილები დღედაღამ უსმენენო. თუ წამომყვებით, ჩემი სოფელი აქვეაო. ჩვენ ვუთხარით, რომ დროში შეზღუდულები ვიყავით. მან ვაშლით სავსე ორი ყუთი მანქანამდე მოგვიტანა, ეს ჩემგანო და მოიბოდიშა, სხვა პატივისცემის საშუალება არ მეძლევაო. ვაშლის ჯიში აღარ მახსოვს, მაგრამ „ბროდსკი“ ნამდვილად არ იყო და მის საყიდლად ცალკე შევბრუნდით ბაზარში, ის ორი ყუთი კი ოთარმა მე და ჩვენს მეგობარს გვაჩუქა…
მოწაფეები ვახსენე ზემოთ და ერთი ეპიზოდი გამახსენდა. იყო შემთხვევები, როცა ოთარს მოწაფეებთან მეცადინეობისას „გადაუდებელი საქმე“ გამოუჩნდებოდა და სახლიდან გასვლა უწევდა. ერთი-ორჯერ მეც მომიწია მისი შეცვლა და მოწაფეებთან დარჩენა. ოთარის ოჯახში დღესაც ინახება მისი დიდი დავთარი, ანუ მოწაფეების აღრიცხვის ჟურნალი (ნახევარი თბილისი მისი მოწაფე იყო). ავიღე ეს ჟურნალი და გადავფურცლე, თან ვამეცადინებ ორ ნიჭიერ ბიჭუნას. ვხედავ, ზოგიერთი მოწაფის გვარის გასწვრივ გაუგებარი სიტყვა „ათქუმ“ არის მიწერილი ოთარის ხელით.

თამაზ თევდორაძე, ოთარ რამიშვილი – თევზაობისას

მეორე დღეს ოთარს ვკითხე იდუმალი სიტყვის შესახებ. მან თვალები მოჭუტა და ეშმაკურად მითხრა, აბა მარჯვნიდან მარცხნივ წაიკითხეო. წავიკითხე და ბევრი ვიცინე ოთარის ქველმოქმედების ამგვარ ინტერპრეტაციაზე. კიდევ ერთი რამ მინდა გავიხსენო. ქუჩაში ერთმა ქალბატონმა გაგვაჩერა და, ბატონო ოთარ, შვილის მოყვანა მინდა თქვენთან და ხომ ასწავლით დაკვრასო.
– მოიყვანეთ ქალბატონოო, – უპასუხა ოთარმა და მისამართი ჩააწერინა. ის ქალბატონი რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შეგვხვდა და იგივე თხოვნა რომ გაუმეორა, ოთარმა გაიცინა და მიუგო: „ქალბატონო, მუსიკა გრიპი კი არ არის, კოცნით რომ გადადიოდეს! მოიყვანეთ და ვასწავლიო!“
–  სკოლა სოხუმში დაამთავრეთ. როგორი გახსოვთ მაშინდელი სოხუმი? ადამიანები…
– დავუბრუნდეთ ისევ ბავშვობას და სოხუმს. ამ ქალაქის სილამაზესა და მშვენიერებაზე, სტუმართმოყვარეობაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ პირველი, რაც მაგონდება, იყო ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი. განსაკუთრებით გაზაფხულობით, როცა მიმოზები ყვაოდნენ, ქალაქი თითქოს ერთი დიდი თაიგული იყო და თავბრუდამხვევი სურნელი მაღალი ამწვანებული გორაკებიდან ზღვის სანაპიროს ბულვარამდე აღწევდა, რომელსაც ქართველებიც რატომღაც „ბერეგს“ ეძახდნენ.
საღამოს „ბერეგზე“ გასვლა ყველა ადგილობრივისათვის დაუწერელი კანონი და სასიამოვნო მოვალეობა იყო. თუ ვინმეს ნახვა გინდოდა და დღისით ვერ პოულობდი, იცოდი, რომ საღამოს აუცილებლად ნახავდი „ბერეგზე“. აქ ინიშნებოდა პაემნები და საქმიანი შეხვედრები, ირჩეოდა ახალი კინოფილმები და ფეხბურთის მატჩები. ნაპირის გასწვრივ ჩარიგებულ გრძელ მერხებზე საკუთარი „ბირჟები“ ჰქონდათ ჭადრაკის, შაშის, დომინოს, ნარდის მოთამაშეებს, რომლებიც გულშემატკივრებით და უბრალოდ მაყურებლებით იყვნენ გარშემორტყმულნი. სტუდენტობისას თბილისიდან სოხუმში ზაფხულში „სტუმრად“ ჩასული იქაური ცხოვრებისა და ტრადიციების სრულფასოვანი მიმდევარი ვხდებოდი. „ბერეგზე“ გასულები ჯერ რამდენიმე სავალდებულო გზობას გავაკეთებდით შადრევნებიანი თეატრის ულამაზესი შენობიდან რესტორან „დიოსკურიამდე“ და უკან, გზადაგზა „ვმრავლდებოდით“, შემდეგ კი საუბრის გასაგრძელებლად იქვე რომელიმე ყავახანაში, ბარში ან რესტორანში შევიდოდით, თუმცა სიტყვა „შესვლა“ აქ პირობითია, რადგან თითოეულ ასეთ დაწესებულებას მაგიდები და სკამები პირდაპირ ქუჩაში ჰქონდა გამოდგმული. არჩევანი დიდი იყო: რესტორნები – „რიწა“, „აფხაზეთი“, „ამრა“ ევროპული და კავკასიური სამზარეულოთი, „ნარტა“ უგემრიელესი აჭარული ხაჭაპურებით,

თამაზ თევდორაძის ოჯახი – სტუმრად სოხუმში, 1988წ.

„დიოსკურია“ სახელგანთქმული ქვიშაზე მომზადებული არომატული ყავით და მრავალი სხვა.
სოხუმის თეატრი მთელს დასავლეთ საქართველოში სახელგანთქმული კულტურის ცენტრი იყო, შესანიშნავი მსახიობებითა და ქართულ-აფხაზური დასით. სოხუმელები საოცარი თეატრალები და ზოგადად ხელოვნების მოყვარულები იყვნენ. ზაფხულობით მთელი საბჭოთა კავშირის თეატრის, კინოსა და ესტრადის ვარსკვლავები დასასვენებლად თუ საგასტროლოდ სოხუმს სტუმრობდნენ და სოხუმელებთან თბილი ურთიერთობები მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლებოდა…
მეორე, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა სოხუმიდან, იყო ურთიერთობები. არსად, არცერთ ქალაქში ან ქვეყანაში არ შემხვედრია ისეთი მეზობლობა, როგორიც სოხუმელებმა იცოდნენ. ჭირი თუ ლხინი სამეზობლოში ყველასთვის ერთი იყო, უბანში არავინ არავის ეპატიჟებოდა ქორწილში ან დაბადების დღეზე. ყველამ საკუთარი ადგილი და ფუნქცია იცოდა. მაშინ დიდ სუფრებს (ჭირი იქნებოდა თუ ლხინი), ძირითადად, ეზოებში ან ქუჩაში გაჭიმულ სეფაში მართავდნენ, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ეტეოდა. განსაკუთრებით ჭირის დროს, არავინ ეკითხებოდა ჭირისუფალს „ხომ არაფერში დაგეხმაროთ?“ „რამე ხომ არ გჭირდებათ?“ ყველა სთავაზობდა იმას, რაც შეეძლო ან რაც გააჩნდა. ამიტომ თითოეული უბანი ერთ დიდი ოჯახად ცხოვრობდა და არავის უკვირდა, როცა სამეზობლოში გასული ბავშვი სახლში დაპურებული ან სულაც გაკვეთილნასწავლი ბრუნდებოდა. ყველა დედამ იცოდა, რომ მეზობლის ბავშვებისთვისაც ისევე უნდა მიეხედა და ეზრუნა, როგორც საკუთარი შვილებისთვის.
სოხუმელები ლამაზი ურთიერთობებით იყვნენ გამორჩეულები…
– ორიოდე წლის წინ თბილისში გავიცანი უნიჭიერესი მწერალი და სათნო ქალბატონი ნანა ქარდავა, რომელიც საკუთარ წიგნში „სოხუმში, უსახელო ქუჩაზე“  შესანიშნავად აღწერს ამ ურთიერთობებს.
ჩემი საყვარელი და თბილი სოხუმელები, უდიდეს ტრაგედიაგამოვლილები და დევნილობაში მყოფნი, დღესაც ცდილობენ, შვილებს, შვილიშვილებსაც ასწავლონ და ჩაუნერგონ ის ურთიერთობები და სიყვარული, როგორიც მათ იმ ლამაზი, ლაღი ცხოვრების დროს ჰქონდათ.
იმის მიუხედავად, რომ სოხუმში ბავშვობის შემდეგ არ მიცხოვრია და საკუთარ თავზე არ გამომიცდია ის, რაც ამ კეთილმა, ლაღმა და ამაყმა ადამიანებმა გადაიტანეს, უმძაფრესად განვიცდი ამ ზღაპრული მხარის და ჩემი ბედნიერი ბავშვობის ქალაქის მიუწვდომლობის ტკივილს…
– სტუდენტობის წლები… დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტი ხართ, სწავლობდით თეატრისა და კინოს უნივერსიტეტშიც… ვინ და რა დაგამახსოვრდათ სტუდენტობიდან?

ქალიშვილი თინიკო და თამაზ თევდორაძე – საზეიმო კონცერტზე სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი ფაკულტეტი დავამთავრე: დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის (ინგლისური ენის სპეციალობით) და ხელოვნების (კინო-ტელედრამატურგიის სპეციალობით). დღისით ინგლისურს ვეუფლებოდი, საღამოს კინოხელოვნებას. სწორედ აქ მასწავლიდნენ ისეთი ცნობილი ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ – დიდი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, აკაკი ბაქრაძე, ოთარ სეფიაშვილი (იმ წლებში მეტად პოპულარული ტელეგადაცემა „ილუზიონის“ წამყვანი), კინორეჟისორი ქეთი დოლიძე, კინოკრიტიკოსი ოლღა თაბუკაშვილი, კინოდრამატურგი არლი თაყაიშვილი (სცენარის ავტორი ფილმისა „თოჯინები იცინიან“) და მრავალი სხვა. აკაკი ბაქრაძის ლექციებზე, მახსოვს, ქუჩიდან შემოდიოდნენ ადამიანები მოსასმენად…
განსაკუთრებით საინტერესო იყო მიხეილ ჭიაურელის ლექციები კინორეჟისურაში. როგორც ცნობილია, იგი შესანიშნავი მოქანდაკეც იყო, მხატვარიც, მუსიკოსიც და მომღერალიც და მსახიობიც. სულგანაბულნი ვუსმენდით მის მიერ მოყოლილ საინტერესო ისტორიებს, ანეკდოტებს თუ სახელდახელოდ განსახიერებულ პაროდიებს. მახსოვს, ჩვენს კურსზე პიესას რომ დგამდა (ამაზე ქვემოთ გიამბობთ), რეპეტიციებისთვის დარბაზს ხან უნივერსიტეტში, უფრო ხშირად კი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გვითმობდნენ მისი ავტორიტეტის წყალობით. ჰოდა, ერთხელ რეპეტიციაზე, შესვენებისას, როცა ძია მიშა (ასე ვეძახდით ჩვენს უსაყვარლეს პედაგოგს) პავილიონიდან გავიდა, ხელში ავიღე გიტარა (რომელსაც თითქმის ყოველთვის თან ვატარებდი) და ბიჭებმა რაღაც სიმღერა წამოვიწყეთ. ვერც კი შევამჩნიეთ, რომ იგი უკან მობრუნებულიყო და გვისმენდა. დავინახეთ თუ არა, სიმღერა შევწყვიტეთ. ძია მიშა სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა, გიტარა ხელიდან გამომტაცა, ყელი მოიღერა და სიმებს ჩამოჰკრა:

როცა დაჭკნენ ყვავილები ბაღში,
ჩემთან მოხველ, სიყვარულის ღმერთო,
სად იყავი, სად იყავი მაშინ,
როცა გულში გაზაფხული მენთო…

ისეთი ხმით, სიყვარულით და სითბოთი შეასრულა რომანსი, რომ გოგონებს ცრემლებიც კი წამოსცვივდათ.
ერთხელაც, ასევე შესვენებისას, სახელდახელოდ სუფრა გავშალეთ და ძია მიშაც მოვიპატიჟეთ. ვიღაცამ საიდანღაც არყის ბოთლიც გამოაძვრინა. ძია მიშამ ჭიქა ხელში აიღო, აბა მაგრად ვიყოთო და გადაჰკრა. ჩვენ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადავხედეთ, ვიცოდით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი სასმელს არ ეკარებოდა. ძია მიშამ ღრმად ამოისუნთქა, უჰ რა მაგარიაო, ჩაილაპარაკა, ლოთივით დაიჭყანა და მხოლოდ ახლა შევამჩნიეთ, რომ ჭიქა ისევ სავსე ეჭირა ხელში…
– სტუდენტობისას, მიხეილ ჭიაურელის მიერ დადგმულ სპექტაკლში პოლიცმაისტერს თამაშობდით…
– ჩვენს ფაკულტეტზე მიხეილ ჭიაურელმა დადგა გერმანელი მწერლის გერჰარტ ჰაუპტმანის პიესა, კოტე მესხის მიერ გადმოქართულებული „მელანიას ოინები“. ამ სატირულ კომედიას ორიგინალში ჰქვია „Der Biberpelz“ (1893), რუსულად თარგმნილია როგორც „Бобровая шуба“. ახლავე აგიხსნით, თუ რატომ აღვწერ პიესის სათაურს ასე დაწვრილებით. ჩვენი პიესა დაიდგა 1970 წელს (ლენინის დაბადების 100 წლისთავს მიეძღვნა. ნეტავ ლენინი რა შუაში იყო?).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე დადგმულ ჩვენს სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა. პიესის შინაარსს არ მოგიყვებით, რადგან იგი ყველა თქვენგანისათვის კარგად ცნობილია. იყო ოვაცია, მოლოცვები, შემსრულებლებმა ლამის მსახიობობაზე დავიწყეთ ფიქრი! უბედნიერესები ვიყავით, რადგან ვითამაშეთ მსოფლიოში სახელგანთქმული, სსრკ სახალხო არტისტის, მიხეილ ჭიაურელის სპექტაკლში.

სტუდენტური სპექტაკლის – „მელანიას ოინების“ აფიშა

და აი, სამი წლის შემდეგ, 1973 წელს გამოდის ქართული ფილმი-მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“, რომელმაც ტრიუმფით მოიარა მსოფლიო ეკრანები. ფილმი მართლაც შესანიშნავია. ჯერ ვერ ხვდებით, რა ხდება, ხომ? ვაგრძელებ. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი პიესა ფოტოგრაფიული სიზუსტით იყო გადატანილი კინოფირზე, სადაც ჩვენი როლები გენიალურად მოერგოთ დიდ ქართველ მსახიობებს – სოფიკო ჭიაურელს, ეროსი მანჯგალაძეს, დოდო აბაშიძეს, რამაზ ჩხიკვაძეს… პიესაში მე ვთამაშობდი პოლიცმაისტერის როლს, რომელიც ფილმში გენიალურად ითამაშა დოდო აბაშიძემ. ძია მიშამ შემაქო კიდეც, შენგან ნამდვილი მსახიობი დადგებაო, რის შემდეგაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კინაღამ პროფესია შევიცვალე. სამწუხაროდ, ჩვენი სპექტაკლის ფირზე გადაღება არავის მოსვლია აზრად. ფოტოებს კი იღებდნენ, მაგრამ მათი ბედი ჩვენთვის უცნობია. თუმცა, მთავარი მტკიცებულებაა ძია მიშას ხელმოწერით დამშვენებული პიესის აფიშა-პროგრამა, რომელსაც ვთავაზობ მკითხველს.
მელანო (ფილმში ვარდო) – ლალი მამასახლისი; პავლეზაზა თურქაძე (გარდაცვლილია); პავლეს ქალიშვილებიესმა მაჩაბელი და რუსუდან კანდელაკი; გრიქულა (ფილმში გრიქურ გრიქუროვი) – აწ გარდაცვლილი მალხაზ ამანათიძე; ჩარჩი პანკისაამირან დოლიძე (დღეს ცნობილი კინოდრამატურგი, ფილმ „ნეილონის ნაძვის ხის“ სცენარის ავტორი); ყასაბი არუწა – აწ გარდაცვლილი პროფესორი კახი წერეთელი, ცნობილი ისტორიკოსი და არქეოლოგი;
ბოქაული -თქვენი მონა-მორჩილი თამაზ თევდორაძე; ბოქაულის თანაშემწეთამაზ მეტრეველი (აწ გარდაცვლილი ცნობილი პოეტი და დრამატურგი).
ყველას გული დაგვწყდა იმაზე, რომ ფილმში არსად არის მითითებული არც კომედიის ავტორი ჰაუპტმანი, არც გადმომქართულებელი კოტე მესხი და არც დიდი მიხეილ ჭიაურელი, რომლის ხელწერაც ფილმის თითოეულ ეპიზოდში იგრძნობა).
წლების წინ მთელს ჯგუფს გვინდოდა ამის შესახებ პრესით ან ტელევიზიით განცხადების გაკეთება, თუმცა მიზეზთა გამო ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. დღეს, როცა სპექტაკლში მონაწილეთაგან უკვე ცოტანიღა დავრჩით, ვფიქრობ, საჭიროა ქართველმა მაყურებელმა იცოდეს ამის შესახებ, ეს ხომ ჩვენი კულტურის ისტორიაა!

– მიხეილ ჭიაურელთან ერთად ვერიკო ანჯაფარიძესთან შეხვედრაც დაუვიწყარია თქვენთვის…
– მიხეილ ჭიაურელს უკავშირდება კიდევ ერთი ეპიზოდი, რომლითაც მე და ამირან დოლიძე დღემდე ვამაყობთ და თავი მოგვაქვს.

ქალიშვილ თინიკოსთან ერთად, თევზაობისას, სამეგრელოში, მდინარე აბაშაზე

ძია მიშა ფიქრის გორაზე, სუმბათაშვილ-იუჟინის (დღევანდელი ვერიკო ანჯაფარიძის) ქუჩაზე ცხოვრობდა, უნივერსიტეტიდან ორიოდ ნაბიჯზე. ლექციის შემდეგ სტუდენტები რიგრიგობით ვაცილებდით სახლში. ავტომანქანა კი ჰქონდა, მაგრამ ფეხით გასეირნებას ამჯობინებდა, განსაკუთრებით უყვარდა, როცა გოგონები აცილებდნენ. ჰოდა, ერთ დღეს მე და ამირან დოლიძეს მოგვიწია ამ საპატიო მისიის შესრულება. სახლს რომ მივუახლოვდით, გვითხრა, ბიჭებო, დღეს ჩემი სტუმრები იქნებითო. ასეთ შემთხვევას ხელიდან როგორ გავუშვებდით და უსიტყვოდ დავემორჩილეთ.
შეგვიძღვა თავის ბინაში და წარუდგინა ჩვენი თავი მეუღლეს – საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს, ვერიკო ანჯაფარიძეს, ჩემი საუკეთესო სტუდენტებიო! ჩვენ ცოტა კი დავიმორცხვეთ, მაგრამ ძია მიშას შემოთავაზებულმა კახურმა ღვინომ თავისი გაიტანა და მალევე გავშინაურდით. თამადობდა ძია მიშა. პატარა ჭიქიდან წრუპავდა, თუმცა ისიც მალე გამხიარულდა, დაგვათვალიერებინა საოჯახო ალბომები, გვიმღერა კიდეც. იმ დღეს პირველად გავსინჯეთ ყველი „როკფორი“, რომელიც საოცრად უხდებოდა კახურ ღვინოს. ქალბატონი ვერიკო თავს დაგვტრიალებდა და ხან რა შემოჰქონდა და ხან რა. ძია მიშა, ეშხში შესული, ხმამაღლა აცხადებდა: „ახლა საქართველოს და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი ვერიკო ანჯაფარიძე შემოიტანს შოთის პურებს და ტარხუნას!“
ერთი სიტყვით, ეს სუფრა კი არა, ნამდვილი დღესასწაული იყო. ჩვენ, ორ სტუდენტს, გვმასპინძლობდა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ორი ბუმბერაზი ხელოვანი – მსოფლიო დონის კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი და კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ვერიკო ანჯაფარიძე!

სახელმწიფო უშიშრების სამინისტროს აკადემიაში

მე და ამირანი უბედნიერესები ვიყავით და უბედნიერესები ვართ დღესაც, როცა იმ ულამაზეს საღამოს ვიხსენებთ. ცხოვრებაში უამრავი ლექცია მომისმენია და დღეს თვითონაც მიწევს ლექციების კითხვა, მაგრამ პედაგოგიკის მწვერვალად მაინც ის ლექციები მიმაჩნია, რომლებიც პრაქტიკითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, სიყვარულით, სითბოთი და იუმორით იყო გაჯერებული და რომლებსაც ჩვენს დედაუნივერსიტეტში ვისმენდით… ვერცერთი ლექცია, შემდგომში მოსმენილი თუ ჩემს მიერ წაკითხული, ვერ შეედრება იმ ლექციებს, თუმცა კი ვცდილობ, სული და გული, მთელი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება ჩავაქსოვო…
– პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით…
– ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას რაც შეეხება, უკვე საკმაოდ დიდი სტაჟი დამიგროვდა. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში მუშაობიდან დაწყებული, სადაც გრძელი სამსახურებრივი გზა გავიარე მასწავლებლიდან პრორექტორობამდე (ასევე ვიყავი რექტორის მოვალეობის შემსრულებელიც), შემდეგ პენსიაზე გასვლა პოლკოვნიკის წოდებით, ლექციები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, შუალედში კი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს საზღვარგარეთთან ურთიერთობათა დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად მუშაობა, შემდეგ სამი წელი ხელშეკრულებით სახელმძღვანელოებს ვუთარგმნიდი თავისუფალ უნივერსიტეტს.
ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ასწავლი ინგლისურ ენას...
–  უაღრესად შრომატევადი, მაგრამ ხალისიანი სამუშაო მაქვს, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, ბევრთან პირადი მეგობრობაც მაკავშირებს. უკვე ხუთი წელია აქ ვსაქმიანობ და მახარებს ის დამოკიდებულება, რომელსაც სამინისტრო და სახელმწიფო იჩენენ თანამშრომელთა სწავლა- განათლების მიმართ. ძნელად თუ მოიძებნება დღეს თავდაცვის სამინისტროში თანამშრომელი, უცხო ენას რომ არ ფლობდეს. სანამ სამინისტროში დავსაქმდებოდი, მქონდა კერძო პედაგოგიური პრაქტიკაც. ჩემი კოლეგა ლინგვისტები დამემოწმებიან, ამ საქმეში კურიოზებიც ხშირად ხდება.

ბრიტანეთის საბჭოსთან არსებული ინგლისური ენის მასწავლებელთა მომზადების კურსების გამოსაშვებ საღამოზე. თამაზ თევდორაძე და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში  რიჩარდ ჯენკინსი, შუაში – ინგლისური ენის მასწავლებელი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ქ-ნი ჯული

მაგალითად, მოდის მშობელი შვილთან ერთად და მეუბნება, საზღვარგარეთ მინდა გავუშვა სამუშაოდ და ლაპარაკი ასწავლეო. კი ბატონო, ვასწავლი-მეთქი, ვპასუხობ. ოღონდ, თუ ძმა ხარ, გრამატიკა და თეორიები არ გინდა, პირდაპირ ლაპარაკი დააწყებინეო. ან კიდევ, მირეკავს ტელეფონით ქალბატონი და მთხოვს, ინგლისურის მასწავლებელი დამალაპარაკეთო. ვეკითხები, ვინ გყავთ მოსამზადებელი-მეთქი. ის ისევ მიმეორებს, მასწავლებელი დამალაპარაკეთო. ქალბატონო, მე ვარ მასწავლებელი-მეთქი, ვპასუხობ. ის უკვე განაწყენებული ტონით მიცხადებს, თქვენ არ ხართ მასწავლებელი და სახუმაროდ არ მცალია მეო. რატომ შეგეპარათ ეჭვი-მეთქი, რომ ვკითხე, ძალიან ახალგაზრდული ხმა გაქვთ და იმიტომო. ახლა მე ვპასუხობ განაწყენებული ტონით, სამოცს უკვე გადავაბიჯე, ქალბატონო და თქვენ საქმროს ეძებთ თუ მასწავლებელს-მეთქი.
თავიდან პედაგოგობა აზრადაც არ მოგსვლიათ, ჟურნალისტობაზე ოცნებობდით… ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციასთან თანამშრომლობდით და ნოდარ დუმბაძეს შეხვედრიხართ…
– თავიდან მართლაც ჟურნალისტობას ვაპირებდი. წერაც მეხერხებოდა, ხშირად ვიმარჯვებდი სასკოლო ოლიმპიადებში. ვიბეჭდებოდი კიდეც. პირველი ლექსი, რომელიც სკოლის მოსწავლემ დედას მივუძღვენი, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთში“ დაიბეჭდა. შემდეგ უკვე სტუდენტობისას, ვთანამშრომლობდი სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ „ნიანგთან“, რომელსაც ბატონი ნოდარ დუმბაძე რედაქტორობდა. მასთან პირველად რომ შევედი და ჩემი ნაცოდვილარი იუმორისტული მოთხრობა დავუდე მაგიდაზე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეს კაცი მუდამ სერიოზული იყო და არასოდეს იღიმებოდა. მან მოღუშული სახით წაიკითხა ჩემი მოთხრობა, წარბიც არ შეტოკებია. ვიფიქრე, ახლა მეტყვის, ეს რა დაგიწერია, მეორეჯერ აღარ გაბედო აქ მოსვლაო. მან ერთი გადმომხედა, კარგია, დამიტოვეთო, მითხრა და დამემშვიდობა.
მოთხრობა მალევე დაიბეჭდა, გავთამამდი და მოვუხშირე რედაქციაში სიარულს. რედაქტორის მისაღებში ჯდომა და ლოდინი ხომ ნამდვილი სიამოვნება იყო. აქ გავიცანი ნამდვილი იუმორისტები, მხატვრები, რედაქციის თანამშრომლები, რომლებიც მუდამ ახალ სამხიარულო ამბებს, ანეკდოტებსა თუ თავგადასავლებს უყვებოდნენ ერთმანეთს და იყო გაუთავებელი სიცილი და ხუმრობა. სწორედ მაშინ ცნობილმა მხატვარმა-კარიკატურისტმა გიგლა ფირცხალავამ ჩემ მიერ შეთავაზებულ თემაზე შექმნა ნახატი, რომელიც ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა და მოწონებაც დაიმსახურა…
– სტუდენტობის შემდეგ სხვადასხვა ადგილას მუშაობდით. რომელ წლებს გამოყოფთ, ალბათ ბევრი იყო საინტერესო…

თამაზ თევდორაძე, ნანა ვაშაკიძე და მანანა კობიაშვილი

– ახლა ერთი ეპიზოდი ჩემი სამსახურებრივი საქმიანობიდან. 90-იანი წლების მიწურულია. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის პრორექტორი ვარ სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში.
დილაა, ვემზადები სამსახურში წასასვლელად, მძღოლმა უნდა მომაკითხოს. ევროპული ენების კათედრის გამგედ მუშაობისას კათედრა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დავაკომპლექტე, რომელთა შორის ჩემი სტუდენტობის, ასევე „ინტურისტის“ თარჯიმნობის დროინდელი კოლეგებიც არიან.
სამინისტროდან ახალი მითითებები მივიღე და დღეს თათბირი უნდა დავნიშნო პროფესორ-მასწავლებლებთან. დილიდანვე ვურეკავ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც დღეს აკადემიაში ლექციები არ აქვთ და ჩემი ნებართვით სამსახურში არ მოვლენ.
ვურეკავ ჩემი სტუდენტობის მეგობარ ქალბატონს და ვაუწყებ, რომ ორ საათზე ჩემთან უნდა მობრძანდეს თათბირზე. ყურმილიდან შეშოთებული ხმა ისმის: „ვაიმე, თამაზ, მე და ჩემი ქმარი ახლა სოფელში მივდივართ, უკვე მანქანაში მელოდება!“ მე სერიოზული ტონით ვეუბნები, რომ სამსახურებრივ თათბირზე გამოცხადება სავალდებულოა და სოფელში წასვლა სხვა დროისთვის გადადოს. „კი მაგრამ, ჩემი ქმარი რომ მელოდება?“ აქ უკვე ტონი გავამკაცრე: „ჰოდა გადაეცი მაგ შენს ქმარს, რომ ღამით კი ხარ მაგისი, მაგრამ დღისით მე მეკუთვნი!“ გვერდით ჩემი მეუღლე მიდგას და ჩაის მიმზადებს. ამ სიტყვების გაგონებაზე შეშფოთებული მიყურებს (კი იცის, რომ ჩემს ახლობელ ადამიანს ვესაუბრები) და მეუბნება: „შენ ხომ არ იცნობ მის ქმარს და ასეთ რამეს როგორ ეუბნები! ვინ იცის რას იტყვის ის კაცი, ეგ რომ გაიგოს!“

აწ განსვენებული ნანა ვაშაკიძე, ლამარა გულაშვილი, თამაზ თევდორაძე, მანანა კობიაშვილი

ამასობაში ჩემი თანამშრომელი ქალბატონი უკვე ქმართან ჩავიდა და ყველაფერი შეატყობინა, თან ჩემი ნათქვამი სიტყვა-სიტყვით გადაუცია! მოდის აქოშინებული ტელეფონთან და მეუბნება: „თამაზ, ჩემმა ქმარმა შემოგითვალა, დღისითაც შენი იყოს და ღამითაცო!“
ბევრი ვიცინეთ. დღეს მისი მეუღლე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და ხშირად ვიხსენებთ ამ და სხვა კურიოზებს.
– ჰობი…
– არ ვიცი, ჰობი ჰქვია თუ არა, მაგრამ რამდენიმე საქმიანობა თუ გასართობი მეც მაქვს ამოჩემებული. მიყვარს თევზაობა, მუსიკა, კროსვორდები და ვიქტორინები. მართალია პრეზიდენტობას არ ვაპირებ, მაგრამ ქსოვა და კერვაც მეხერხება.
ჩემი ჰუმანიტარული განათლების მიუხედავად, საკმაოდ კარგად ვერკვევი ტექნიკაში.
სამი წლის წინ სურამში ჩემს აგარაკზე საკუთარი ხელით ავაწყე ელექტროდენზე მომუშავე ბალახის საჭრელი მანქანა, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა ეზოშივე.

ელექტროდენზე მომუშავე ბალახის საჭრელი მანქანა

შარშან თბილისში სახლში დავამზადე სიმინდის ტაროების საფშვნელი დანადგარი, რომელიც სამეგრელოში საჩუქრად გავუგზავნე ჩემს ნათესავებს. თავისუფალი დრო თითქმის არა მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ, არ გამოვაკლდე ლიტერატურულ შეხვედრებსა და საღამოებს. ამჟამად ვთარგმნი ამერიკულ წიგნს „თეთრი სახლის ზედა სართულზე“, რომლის ავტორია თეთრი სახლის ყოფილი მთავარი შვეიცარი (ასე ერქვა მის თანამდებობას) ჯეიმს ბერნარდ ვესტი. სინამდვილეში იგი განაგებდა თეთრი სახლის მთელ პერსონალს, ბიუჯეტს, მშენებლობას და ა.შ. ასევე ევალებოდა პრეზიდენტების მეუღლეებთან მუშაობა და მათი დავალებების შესრულება.
ელექტროდენზე მომუშავე ბალახის საჭრელი მანქანა და სიმინდის ტაროების საფშვნელი დანადგარი გამოიგონეთ  არაპროფესიონალმა როგორ მოახერხეთ ეს?
– გამოგონებებს ვერ დავარქმევ ამ ჩემს ქმნილებებს, მაგრამ საკუთარი კონსტრუქციის ნამდვილად ბევრი რამ დამიმზადებია. ტექნიკისაკენ მიდრეკილება მართლაც მომდევს ბავშვობიდან.
რამდენიმე წლის წინ, უმუშევრობისა და გაჭირვების წლებში, თბილისში მოდაში შემოვიდა ჰოთ-დოგები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში იყიდებოდა ლამაზი დანადგარებიდან და მყიდველიც არ აკლდა. ინტერესით ვათვალიერებდი ამ დანადგარებს ქუჩაში. მოულოდნელად აზრი მომივიდა, თვითონვე დამემზადებინა. ვინაიდან დანადგარის სქემას და ნახაზს არავინ მომცემდა, ერთი დანადგარი შევიძინე, მივიტანე სახლში და დავშალე. მსგავსის გაკეთება არ გამჭირვებია. საჭირო მასალა ჯართის მიმღებ პუნქტში და ნავთლუღის ძველმანების ბაზრობაზე ვიყიდე და ორ-სამ დღეში ისეთი დანადგარი გამოვიდა, ავ თვალს არ ენახვებოდა. შემდეგ საღებავი, წარწერები და განცხადება გაზეთ „სიტყვა და საქმეში“. მალევე გაიყიდა. გაყიდვიდან ორ დღეში ვიღაცამ დარეკა და დანადგარი იკითხა. აღარ მაქვს, მაგრამ დაგიმზადებთ-მეთქი. მეორის დამზადება უკვე გამიადვილდა. შემდეგ მესამე მოჰყვა, მერე მეოთხე… ერთი სიტყვით, დროებით უსამსახუროდ დარჩენილი თან ვერთობოდი, თან ოჯახს ვეხმარებოდი… ასევე დავამზადე ბალახის საჭრელიც, რომელშიც მტვერსასრუტის ძრავა გამოვიყენე, სიმინდის ტაროების საფშვნელში სარეცხი მანქანის ძრავა და ასე შემდეგ. ეს ნიჭი თავად აღმოვაჩინე ჩემში.
– ამჟამად აღარ აკეთებთ ხომ არაფერს?

ქალიშვილი – თინათინ თევდორაძე და შვილიშვილი – სალომე

– თინიკო გამომესგავსა მაგ საქმეში. პატარა რომ იყო, „წელჩანთა“ შევუკერე…
დღემდე ინახავს იმ „წელჩანთას“… ახლა ისეთ ჩანთებს კერავს, გამოფენებს მართავს. მგონი, შვილიშვილი,  პატარა სალომეც მემსგავსება. ისე, საჩხირკედელაოდ უფრო ზაფხული მირჩევნია, როცა თავისუფალი ვარ საქმისგან.
ერთი სიტყვით, იმდენი სურვილი და ოცნება მაქვს, დროა სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე დავიწყო მუშაობა, რათა ყველაფერი მოვასწრო!
– შვილი თინათინი შესანიშნავ ხელოვნების ნიმუშებს ქმნის…
– შვილი თინა თევდორაძე ექიმი და დიზაინერია. როგორც ამბობენ, ორიგინალურ ჩანთებს ქმნის.
მეუღლე მანანა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია დიდი პედაგოგიური გამოცდილებით. ცოლად რომ შევირთე, 1981 წელს, მოსკოვში საქორწინო მოგზაურობის შემდეგ (როგორც მაშინ იყო მიღებული) გურიაში წავიყვანე ნათესავების გასაცნობად. ქობულეთში მამაჩემის ბიძაშვილი, ზინა თევდორაძე იყო გათხოვილი. მივედით სტუმრად, გავაცანი ჩემი ახლადშერთული მეუღლე. „რაფერი კაი გოგო მოგიყვანია, ყოჩაღ მამიდა!“ მერე მანანას მიუბრუნდა: „სადაური ხარ, ნენა?“ „მეგრელი“ – უპასუხა მანანამ. „რა ვუყოთ მერე…“ – მანუგეშა ზინა მამიდამ. გავიგუდეთ სიცილით.
ჩემს საყვარელ გურულებზე კიდევ მინდა ერთი რამე გავიხსენო.
მამაჩემის ბიძაშვილი გურამი (თვითონ მიამბო ეს ისტორია შარშან) სოფელ ჩიბათში ცხოვრობს, ლანჩხუთის რაიონში. ადრე ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. მოდის თურმე ხალხით სავსე ავტობუსით ქუთაისიდან ლანჩხუთისკენ. გზაზე დაინახა მეორე ბიძაშვილი, შოთა, ულამაზესი და ენაკვიმატი კაცი (როგორც ყველა გურული).
გააჩერა ავტობუსი, მოიკითხეს ერთმანეთი. ავტომანქანა რომ დაძრა, შოთამ ხმამაღლა, მთელი ავტობუსის გასაგონად დაუძახა: „ბიჯო, გურამა, არ შემარცხვინო, ამ ხალხს ფული არ გამოართვა!“
– გეგმები…
სამომავლო გეგმებზე ბევრის თქმა ალბათ არ შემიძლია. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი მოვასწრო. მინდა ჩემს შვილიშვილ სალომეს, რომელიც უნიჭიერესი გოგონაა, კარგად ვასწავლო ინგლისური ენა და გიტარაზე დაკვრა (კარგი მუსიკალური სმენა აქვს, კონცერტებზეც მღეროდა, როცა ჭოხონელიძეების სტუდიაში დაგვყავდა). შარშან, ზაფხულში, სურამში ვამეცადინე გიტარაზე და ორი სიმღერაც ვასწავლე, თუმცა თბილისში დაბრუნების შემდეგ ხელი აღარ უხლია გიტარისთვის…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები