ევროკომისარი მიატოვიჩი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიღწევებს პოზიტიურად აფასებს

ევროკომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში დუნია მიატოვიჩი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიღწევებს პოზიტიურად აფასებს, – ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით გადადგა, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით.

ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. გამოითქვა წუხილი, რომ ევროკომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომისა და საკუთარი მანდატის განხორციელების საშუალება არ ეძლევა. აღინიშნა, რომ გამოყენებული იქნება ყველა არსებული რესურსი და მექანიზმი, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის შესაძლებლობა მიეცეს.

საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობას. ევროკომისარმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები