„ის ჩვენი დროის სიმეონ მესვეტე იყო“…

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილი ეხმაურება. მის სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„დიმიტრი თუმანიშვილი – 1950-2019.
ძველით ხარებას მოვიდა და ახლით ხარებას წავიდა. ის ერში ცხოვრობდა ბერის ცხოვრებით.
მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, შესაშური გონების, არტისტიზმის ნიჭით დაჯილდოებული… ეს ყველაფერი ალბათ მეორეხარისხოვანია, როცა დიმიტრი თუმანიშვილზე ფიქრობ. ფენომენალური მახსოვრობა უდიდეს ცოდნად ექცია და საკუთარ მისიად თვლიდა, რომ ყველა სხვა მომადლებულ სიკეთესთან ერთად სხვათათვის გადაეცა. ის იყო მასწავლებელი, რომლის ყველაზე დიდი ღირებულება იყო არა ის, რასაც ყვებოდა, არამედ ადამიანების მოსმენის უნარი. ის არ ყოფდა ადამიანებს ჯგუფებად, არამედ ყველა ვიყავით ინდივიდები, გამორჩეულნი და თანაბრად ფასეულნი, გამორჩეული იყო ყველა ჩვენგანის მასთან ურთიერთობაც, როგორც ჩანს, მეგობრობაც. და მიუხედავად ამ ყველაზე ადამიანური ურთიერთობისა, ის იყო კაცი არამიწიერი. ხელში ფსკვნილი და ფურცლები თუ მხრებზე მოსხმული კარდიგანი თითქოს არასოდეს არ აძლევდა საშუალებას, ხელი ფიზიკურად გამოეწოდა, მაგრამ, დამშვიდობებისას, ჰაერში ჯვრის გამოსახვას კი ახერხებდა.
ბატონ დიმიტრის სულიერი სიმშვიდისთვის ჰარმონია სჭირდებოდა, ჰარმონია ახალგაზრდების სიწრფელეში იყო, იყო ხელოვნებაში, მუსიკაში, ფერწერაში, არქიტექტურაში, წარსულში დარჩენილ ბუნებაში, თავთავით დახუნძლულ ქართლის მინდვრებში, სადღაც აფხაზეთში, მაგრამ არა რეალობაში. განიცდიდა ყველაფერს, რასაც გარშემო ხედავდა და რაც ესმოდა, განიცდიდა სოფლის დაცლას, ადამიანების უუნარობას, ურწმუნობას, უსამშობლობას. ბატონი დიმიტრი იყო სრულიად უმწეო ძალადობასთან პირისპირ. მან არ იცოდა უღმერთო სამყაროში მოქმედება.
მისთვისაც მითქვამს, რომ ჩემთვის ის ჩვენი დროის სიმეონ მესვეტე იყო, რომელმაც რეალური სამყაროდან განდგომა განიზრახა, სვეტზე დაეყუდა, მონასტერი შეიქმნა, მაგრამ იმდროინდელი ქრისტიანული სამყაროს მომლოცველობის ცენტრად იქცა. ასევე იყო ბატონი მიტო. ულევი იყო ნაკადი იმ ადამიანებისა, ვინც მასთან მივდიდით, რათა გვესწავლა, რჩევა მიგვეღო, შეგვეჩივლა ან უბრალოდ მოგვეკითხა. მის ხელში გაიარა ასობით სტუდენტმა, ათობით დისერტანტმა და კიდევ უფრო მეტმა კოლეგამ…
25 მარტს დაბადების დღე რომ მივულოცე, ჯანის სიმრთელე, მხნეობა და კიდევ მრავალი ახალი თაობის გამოზრდა ვუსურვე. აი, მაგას კი ვერ შეგპირდებითო მითხრა. ჩვენ გაგვიმართლა, რომ მის გვერდით ვიზრდებოდით, ვყალიბდებოდით.
იტყვიან, შეხვედრამდეო, ვინ იცის განგება რას უბნობს, ის კი მგონია, რომ დაუცხრომელ ღვაწლში მყოფი, როგორც ცოდნისა და ზნეობის ეტალონი, მეტად თუ ნაკლებად, ის ყოველ ჩვენგანში განაწილდა. მისი თავანკარა ქართულით ნაჭედი სიტყვა ყველა ჩვენგანის გონებაშია ჩაბეჭდილი, ცოდნის ძიება და ახლის შეცნობა ჩვევად გვიქცია, მადლიერება და უანგარობა სურვილად დაგვიტოვა, ქართული ხელოვნების და ეროვნული იდეის დაცვა მოვალეობად, ტრადიციის გაგრძელება კი პასუხისმგებლობად.
ჩვენ ისევ დავუყვებით ქიაჩელის ქუჩას, ამიერიდან ლურჯი მონასტრისკენ. 9-10 აპრილი, 2019, ლუბლიანა“… – წერს ირინე გივიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები