გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი პოპულიზმს არასდროს მისდევს და ვფიქრობ, ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხედულებას ყოფილ თანაგუნდელებსა და სასამართლო თემასთან დაკავშირებით იზიარებს. მისი თქმით, ივანიშვილი სიმართლეს გვერდს არასდროს უვლის და პოპულიზმს არ მისდევს.
„რასაკვირველია, ვიზიარებ, რასაც ამბობს – ამ შემთხვევაში, სასამართლოს თემასთან, ყოფილ თანაგუნდელებსა და ბევრ ნიუანსთან დაკავშირებით. ამიტომაც ვდგავარ ამ პოზიციაზე. ზოგი არ იზიარებს მას და დგას მეორეზე, მაგრამ, მაინც, მთავარი განმსჯელი და მოსამართლე ამ საკითხისა არის ჩვენი საზოგადოება. მივესალმები იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არასდროს იცის სიმართლეზე გვერდის ახვევა, შელამაზება. პოპულიზმს არასდროს მისდევს და ვფიქრობ, ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ. თუ სხვა აზრი აქვს ეკა ბესელიას, იმიტომაც არ ვართ ერთად.
ადამიანები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იცნობს და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც სერიოზული დაღი დაამჩნია არა მარტო საზოგადოების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, ან თუნდაც წართმეულ სიცოცხლეებს, არამედ – საქართველოს სტაბილურობა დადგა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ; განსაკუთრებით იმ ომის შემდეგ, რომელშიც სააკაშვილმა ძალიან საეჭვოდ დაუშვა ბევრი შეცდომები, თუ ამას შეცდომები ჰქვია. რასაკვირველია, პოლიტიკურ ოპონენტებთან აზრთა სხვადასხვაობა და ამის გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ინტერვიუ. ვფიქრობ, ეს იყო ვითარების აღწერა და იმ პერსპექტივიდან დანახვა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს. ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ რომ ერთ აზრზე არ ვიქნებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამაში გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები