რატი იონათამიშვილი: საკმარისია საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა, რომ პოლიტიკური ოპონენტები მაშინვე პანიკაში ცვივდებიან

„საკმარისია საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა, რომ პოლიტიკური ოპონენტები მაშინვე პანიკაში ცვივდებიან“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.
მისი თქმით, ოპონენტების დღის წესრიგი მხოლოდ ერთი შინაარსით გამოირჩევა – როგორი კეთილშობილები არიან თვითონ და რა ცუდები არიან ყველა სხვა დანარჩენი.
„ეს ხდება იმიტომ, რომ მთავარი განსხვავება, რაც ჩვენს შორის არსებობს, არის შემდეგი – ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე, პროგრესზე, ხოლო ისინი – ხელისუფლებაში მოსვლაზე. ამიტომ არ მიკვირს და ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საქმეზე, ხოლო ოპონენტები – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე. გუშინ ჩვენ ვნახეთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერის ინტერვიუ, რომელმაც ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი ხვალინდელი დღე. ბიძინა ივანიშვილი შეეხო ყველა აქტუალურ საკითხს და დასმულ კითხვებზე ანალიზზე დაფუძნებული, არგუმენტირებული და გულწრფელი პასუხები გასცა.
ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა დარჩენილი კითხვის ნიშნები ანაკლიის პორტის პროექტის, გუნდიდან წასული ადამიანების, მართლმსაჯულების რეფორმის, ან ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი პროცესების ირგვლივ, ერთხელ და სამუდამოდ გაეცა ამომწურავი პასუხი.
ახლა მთავარია, რომ ჩვენ ნაკლები დრო დავუთმოთ ოპონენტებთან პოლემიკას და მეტი ენერგია მოვახმაროთ საქმის კეთებას, რადგან ოპონენტების დღის წესრიგი მხოლოდ ერთი შინაარსით გამოირჩევა – როგორი კეთილშობილები არიან თვითონ და რა ცუდები არიან ყველა სხვა დანარჩენი; ჩვენი მთავარი ამოცანა კი სოციალურ პრობლემებთან ბრძოლა, ეროვნული უსაფრთხოება, სამართლიანობის განმტკიცება და ევროინტეგრაციაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები