“ჩვენს მთავრობას მემკვიდრეობად ერგო რეპრესიული პენიტენციური მანქანის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა”

„ჩვენს მთავრობას მემკვიდრეობად ერგო რეპრესიული პენიტენციური მანქანის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციური სისტემა გამართულად არ მუშაობდა და გადამწყვეტ ზომებს საჭიროებდა.
„გახორციელებული რეფორმებით პენიტენციურ დაწესებულებებში კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა. ფაქტობრივად, 2018 წელს საქართველოს პენიტენციური სისტემა მართებულად იმსახურებს გაერთიანებული ერებისა და ევროკავშირის „ადამიანის უფლებების წარმატებული შემთხვევების” კონტექსტში ხსენებას“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველომ, ასევე, შეცვალა დამოკიდებულება პოლიტიკური თავისუფლების, გამოხატვისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებების მიმართ. ბახტაძის განცხადებით, ისინი აღარ ირღვეოდა, ახლა კი სრული პატივისცემის პირობებში წარმოჩინდება.
„მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დაშლის სავალალო პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ახლანდელი მთავრობა სრულ პატივს სცემს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას. სასამართლო სისტემა უფრო მეტად რეაგირებს სიძულვილით ჩადენილ დანაშაულსა და დისკრიმინაციაზე; დამცავი მექანიზმები გაძლიერებულია.
აქ ხაზი მინდა, გავუსვა 2017 წლის აპრილში საქართველოს მიერ ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიკაციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და დაგმობის შესახებ“, –  განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები