მამუკა ბახტაძე: გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს ამბიცია, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას​

“გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს იმის ამბიცია, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას, რაც მდგრადი შენარჩუნების პრინციპებს დაეფუძნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო წინ წავიდა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. “ევროსაბჭოში საქართველოს გაერთიანების დღიდან, ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველომ შეძლო კარდინალური გარდაქმნა და დღეს აღმავალ ქვეყნად წარმოვჩინდებით. 20 წლის წინ, საქართველოს სერიოზული გამოწვევები ჰქონდა და ევროსაბჭოში გაწევრიანებას მთელი რიგი ვალდებულებები მოჰყვა. ამ ვალდებულებების ფარგლებში, საქართველომ პირობა დადო, შეექმნა პირუთვნელად დემოკრატიული სახელმწიფო; გაეძლიერებინა სამართლის უზენაესობა; გაეხორციელებინა სასამართლო რეფორმა; ებრძოლა კორუფციის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველეყო გამოხატვისა და მედიის თავისუფლება; დაეცვა უმცირესობები და გაეძლიერებინა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები. საქართველომ წინსვლა მოიპოვა ყველა ამ მიმართულებით ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. ეს შესაძლებლობა მინდა, გამოვიყენო და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას, მინისტრთა კომიტეტს, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესს, ვენეციის კომისიას, ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარსა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოებს. როგორც უკვე ვთქვი, ბევრი რამ შევძელით ერთად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები