მამუკა ბახტაძე რუსეთზე: ეთნიკური დისკრიმინაციის გზით, ისინი ცდილობენ, სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება

“რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს ამ სახის დივერსიებით და ყველა ჩვენი ძალისხმევა დაბლოკოს. ეთნიკური დისკრიმინაციის გზით, ისინი ცდილობენ, სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია გამუდმებით უგულებელყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და სამხედრო ქვედანაყოფები არ გაჰყავს ჩვენი ტერიტორიებიდან. “ადამიანური კაპიტალის განვითარებაა ის გამოსავალი, რაც არსებული გამოწვევების მოგვარებას განაპირობებს. მხოლოდ განათლებული პროფესიონალები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის გაზრდას იმ სიმაღლეებამდე, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს დასახული. ყველა ამ წინსვლის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ვიმყოფებით ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველ დღეს განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა – ამ ტერმინის ყველა განზომილებით. ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო და შემცირდა. შედეგად, მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია.
რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – ირაკლი კვარაცხელია – უკანონოდ იქნა დაკავებული. ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე. აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისთვის.
ყველა უნდა დავირაზმოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, რათა არასოდეს შევურიგდეთ სამართლის უზენაესობის მიზანმიმართულ უგულებელყოფას! რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს ამ სახის დივერსიებით და ყველა ჩვენი ძალისხმევა დაბლოკოს. ეთნიკური დისკრიმინაციის გზით, ისინი ცდილობენ, სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ! ახლახან, ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა ახალი, სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ამ ინიციატივით ვცდილობთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა უზრუნველვყოთ წვდომით ჯანდაცვისა და განათლების გამართულ სერვისებზე, რათა მათ მიკრო და მცირე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები გაუჩნდეთ, ოჯახები გამოკვებონ და მათი ფიზიკური გადარჩენა უზრუნველვყოთ. რუსეთის ფედერაცია გამუდმებით უგულებელყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და სამხედრო ქვედანაყოფები არ გაჰყავს ჩვენი ტერიტორიებიდან.
კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის გვწამს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომელიც კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით გვაქვს. ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ხალხთა შორის ხიდები სრულად აღდგება, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები