მამუკა ბახტაძემ და ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება განიხილეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართა, საქართველოსა და ევროსაბჭოს საერთო ინტერესებში არსებული საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმები განიხილეს.
აღინიშნა, რომ 2019 წელი საიუბილეოა როგორც ევროსაბჭოსთვის, რომლის დაარსებიდან 70 წელი შესრულდა, ასევე  – საქართველოსთვის, რომელიც ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის კონკრეტულ შედეგებსა და ევროსაბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისა და მინისტრთა კომიტეტში მოადგილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე, საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ევროპის საბჭოში ყოფნით და მის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესაძლებლობით. ბატონ ტორბიორნ იაგლანდს პირადად გადავუხადე მადლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაში უშუალოდ მისი საქმიანობის პერიოდში შეტანილი წვლილისთვის. კიდევ უფრო მახარებს ამ მნიშვნელოვან თარიღზე აქ ყოფნა, რადგან ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მეორეს მხრივ, 2019 წელს ვზეიმობთ თავად ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილეს. ამიტომ, შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, განვიხილოთ საქართველოსა და ევროსაბჭოს საერთო ინტერესები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩემი მთავრობის მიერ ბოლო წლებში გახორციელებული ამბიციური და კომპლექსური რეფორმების მნიშვნელობას. ასევე, განვიხილეთ მინისტრთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტობა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. შევეხეთ ევროსაბჭოს წინაშე ამჟამად მდგარ გამოწვევებსა და ერთობლივი ქმედების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულ მდგომარეობას უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების ხელყოფა საშიშ ტენდენციად იქცა ოკუპირებულ რეგიონებში, რაც ხაზს უსვამს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ადგილზე არსებობის მნიშვნელობას. ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშისა და საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. ველით ევროსაბჭოსთან კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების მაღალ ხარისხს გაუსვა ხაზი ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში გახორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოზე ისაუბრა.
“მაგალითად, ამ სამუშაოს შედეგია ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც საქართველო გადავიდა სრულად საპარლამენტო დემოკრატიის სისტემაზე. იყო გარკვეული სირთულეები საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ, ამ მხრივ, პოლიტიკის გაუმჯობესება ჩვენს პრეროგატივაში არ შედის. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ამ თანამდებობაზე ჩემი ყოფნის 10 წლის განმავლობაში ჩვენ წელიწადში ორჯერ ვაქვეყნებთ კონსოლიდირებულ ანგარიშს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შესახებ. ამ ანგარიშების გამოქვეყნების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერმინისტრთან ერთად ჩვენ დღეს განვიხილეთ ამ რეგიონებში წვდომის გაუმჯობესების გზები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნდობის აღდგენისკენ გამიზნულ მისიებზე, რასაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს. ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგ მაგალითს. იმედის თვალით შევყურებთ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას”, – აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა.
შეხვედრის დასასრულ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროპის საბჭოს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები