მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება. როგორც “კვირას“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე, დაიწყებს. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმინდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით წაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე ზეციდან მომავალ უფალს იხილავდნენ.