აბონენტებს ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის ხარჯების დაფარვა 25 ლარიანი განვადებით შეუძლიათ
ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევით ძალაში შევიდა სპეციალური პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს აბონენტს, ყოველთვიურად 25 ლარიანი განვადებით დაფაროს ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის ხარჯები. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო განმარტებას ბულაჩაურში პრემიერ-მინისტრისა და მოსახლეობის შეხვედრისას, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გაზიფიცირების შესახებ დასმულ კითხვაზე სწრაფი რეაგირების მიზნით აკეთებს. სამიონისტროს ცნობით, მოსახლეობის გაზიფიცირებას საქართველოს მასშტაბით ახორციელებს “სოკარ ჯორჯია გაზი”. გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთება აბონენტს საშუალოდ 300 დან 600 ლარამდე უჯდება. აქვე აღსაღნიშნავია ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივი აირის ოჯახში შეყვანის საერთო ჯამური თანხა აღემატება 600 ლარს, “სოკარ ჯორჯია გაზი” თავად ფარავს განსხვავებას და აბონენტისათვის მხოლოდ 600 ლარის გადახდაა სავალდებულო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულმა ინიციატივამ ხელი შეუწყო გაზიფიცირების პროცესის დაჩქარებას. სამინისტრო წარმატებით აგრძელებს გაზიფიცირების პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ენერგეტიკის სამინისტრო, გაზგამანაწილებელ კომპანიასთან ერთად, მზად არის მოსახლეობას ადგილზე გააცნოს ბუნებრივი აირის ოჯახში შეყვანის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც მოქალაქეს გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის დაფარვა, ყოველთვიურად, 25 ლარის ოდენობით შეუძლია.