წითელი ღვინით ორ წუთში დახატული თბილისის ხედები, მოსიყვარულე ბავშვები და ვან გოგის მონატრება…

წყალტუბოში დაიბადა და გაიზარდა. სწავლობდა წყალტუბოს ხატვის სკოლაში,  ხელოვნების ლიცეუმში, შემდეგ სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დაამთავრა.
ამჯერად სწავლობს მაგისტრატურაში თეატრის მხატვრის განხრით. პარალელურად კერძო სკოლა „ქორალში“ და ბავშვთა საკვირაო ცენტრ Carpe diem-ში ასწავლის ხელოვნების ისტორიას და ხატვას. თავადაც გამუდმებით ხატავს, ძირითადად, ბავშვის პორტრეტებს, ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს.
უჩვეულო სიახლეა მის შემოქმედებაში – ხატავს წითელი ღვინით, ასევე თითებით მინაზე, რამდენიმე წელია დაინტერესებულია ბოდიარტის ხელოვნებით… – მხატვრისა და ხელოვნების პედაგოგის, ხათუნა ბადირეიშვილის პერსონა.

– დედა დაწყებითების პედაგოგი იყო,  მამა, 19 წლისას, აკადემიაში, პირველ კურსზე ვსწავლობდი, რომ გარდამეცვალა. წყალტუბოში 3 სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელად მუშაობდა. მამაჩემის სახელობის კალათბურთის თასიც კი არსებობს, ყოველ წელს იმართება კალათბურთის შეჯიბრება, რომელსაც ზურიკო ბადირეიშვილის ტურნირი ჰქვია. ეს ძალიან მეამაყება.
მთელი ბავშობა სკოლას უკავშირდებოდა, გინდ სახლში, გინდ გარეთ, მესმოდა ჩემი მშობლების დიალოგი ბავშვებზე. სკოლა და მასწავლებლობა მათ შემაყვარეს.
ასე რომ, ვსწავლობდი წყალტუბოს ხატვის სკოლაში, ხელოვნების ლიცეუმში, სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დავამთავრე. აკადემიაში ვსწავლობ მაგისტრატურაში თეატრის მხატვრის განხრით. ძალიან შემოქმედებითი და მიზანმიმართული გამხადა აკადემიამ, დღე და ღამე ვხატავდი… მე ჯერ მხატვარი ვარ, შემდეგ- მხატვარი – პედაგოგი. ესა ჩემი ცხოვრება.
 შარშან საახალწლო სოფელში მონაწილეობდით…
ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებ. შარშან საახალწლო სოფელში ვმონაწილეობდი და ჩემს მოხატულ მისალოც ბარათებს ვყიდდი, გამახარა შედეგმა,  ყიდულობდნენ ბარათებს ბავშვის ოთახში დასაკიდებლად. მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა…
წელს  რესპუბლიკის მოედანზე მქონდა სახლუკა და იქაც გაიყიდა ნამუშევრები.
– ბავშვებს ხატავთ… თქვენეული სტილი გაქვთ…
– თბილი, მოსიყვარულე ბავშვების ხატვა მიყვარს. ვიცი, ბევრს ვანიჭებ სიხარულს… გადავწყვიტე, ბალიშებზე და ჩანთებზე გადამეტანა ეს სითბო…
შეკვეთას ვიღებ, სურვილისამებრ, სანიშნე ენაზე, ხის ჩხირებზე, ბროშებზე ვხატავ ბავშვებს… ინტერნეტითაც ვიღებ შეკვეთებს, გამოფენებშიც ვმონაწილეობ, ყველგან, თუ სადმე რამე იმართება.
არასდროს გამომდის მოწყენილი ბავშვი. როდესაც ვხატავ, სითბოზე, სიხარულზე და სიყვარულზე ვფიქრობ… დაათვალიერეთ მისალოცი ბარათების ალბომი ჩემს გვერდზე და ნახავთ, რა ტიპაჟები, როგორი კეთილები და თბილები არიან.
– რომელიმე ზღაპრის ან მოთხრობის პერსონაჟები ხომ არ არიან, თუ?…
– წარმოსახვით ვხატავ, არცერთი ტიპაჟი არაა გადმოღებული.
– ალბათ სერიულად აწარმოებენ, თუ ცალცალკე ხატავთ?
– თითოეული  ექსკლუზიურად იქმნება.  ვხატავ ჯერ ფანქრით და მერე ქსოვილის საღებავით, რომლებიც გერმანიიდან  შარშან ნოემბერში ჩამოვიტანე. შევქმენი გვერდი და რაც დევს, ჩანთების 90 პროცენტი გაყიდულია. იხ. გვერდი:  https://www.facebook.com/ბადირეიშვილი-ART-badireishvili-ART-2226959494186952/ 
– ამას წინათ, გერმანიაში  100 წლის თოჯინებს გაუკეთეთ რესტავრაცია…
შარშან ვიყავი პრაქტიკაზე გერმანიაში, სადაც 100 წლის თოჯინებს შევუკერე კაბები და მოვხატე, ანუ თავიდან შევქმენი.  ბავშვის კვება HIPP-ის დამფუძნებლის ბატონი კლაუს ჰიპის თოჯინებს ჩავუტარე რესტავრაცია ჰიპის საწარმოში.
– თოჯინებსაც ამზადებთ?…
–  მაქვს გეგმაში, მაგრამ ჯერ შაბლონის დამუშავების პროცესში ვარ. ვინც ჩემი ჩანთები იყიდა, ბავშვებმა იდეაც მომაწოდეს, რომ დიდი სიამოვნვებით ეყოლებოდათ ისეთი თოჯინა, როგორიც მათ ჩანთაზე ახატია, რამდენიმე შეკვეთა მივიღე კიდეც.
– სააღდგომოდ რის გაკეთებას აპირებთ?
– ჯერ არ გადამიწყვეტია, ალბათ  კერამიკის კვერცხებს მოვხატავ.
5 წელია სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ხართ.
– მიყვარს ჩემი ბავშვები, მახარებს და მაბედნიერებს „ქორალში“ ჩატარებული გაკვეთილები. ნახეთ ჩემი ოთახი, როგორ არ უნდა გიხაროდეს იქ გაკვეთილის ჩატარება? გაკვეთილს პროექტორის საშუალებით ვატარებ, ბავშვებს უყვაართ და მოსწონთ, მხატვარი რომ ვარ. ხშირად მეუბნებიან, „მას, ეს დამიხატე“, „მას, ისე დამიხატეე“…
ატარებთან გამოცნობანასაც ვთამაშობთ. ვხატავ ნელ-ნელა, მარტივი ხაზების საშუალებით და უნდა გამოიცნონ, რა იხატება. სანამ არ გამოიცნობენ ნახატს, არ ვამთავრებ ბოლომდე. უხარიათ და მოსწონთ ეს თამაში… ხშირად ვუყურებთ ფილმებს სხვადასხვა მხატვარზე.
პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ ამა თუ იმ მხატვრის შესახებ ინფორმაციას და ასე ვაცნობ შემოქმედებას. გამოფენებზეც, ყველგან, შეძლებისდაგვარად, დამყავს.
ამას წინათ, ფელიქს ვარლას გამოფენაზე  წავიყვანე ბავშვები. ხშირად დამყავს ისინი მუზეუმებსა და გალერეებში. უზომოდ მიყვარს ვინსენტ ვან გოგის შემოქმედება და ბიოგრაფია… მიუნხენში ორიგინალი ნახატებიც ვნახე, მისი მზესუმზირები ხომ  შედევრია. საოცარია ვინსენტის ხატვის სტილი, სქელი, მსუყე მონასმები და უნიკალური ყვითელი…
 თქვენი აზრით, როგორ უნდა შეიყვარონ ბავშვებმა  ხელოვნება?
– ხატვა ყველა ბავშვს უყვარს, ყველა ბავშვი ხატავს და მერე განვითარებაზეა დამოკიდებული. ვცდილობ, ბავშვებს თავიდანვე ვასწავლო საკუთარი ნამუშევრის პატივისცემა, თითეული მათგანი შედევრია და არ არსებობს ნაჯღაბნი.
დიდი მხატვრების ნახატებს ვუსახელებ მაგალითებად, თუ როგორ ნახატებში გადაიხდიან მილიარდებს. და მათ უჩნდებათ თვითშეფასების უნარი, ამის შემდეგ ისინი ბევრად თამამად ხატავენ. მე მათ ფერებშიც არ ვერევი…
ერთმა ბავშვმა დამიხატა ცისფერი მზე,  მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა, რომ როდესაც ცივა, მზესაც სცივა და ყინული აქვს გადაფარებულიო. საინტერესო აზრები აქვთ ბავშვებს…
საინტერესოა ბავშვების  ნამუშევრების ხილვა…
– ხელოვნების ოთახში მაქვს ძალიან კარგი ნამუშევრები,  მაკეტები, ნახატები…  ხელოვნების ოთახის პრეზენტაციის მოწყობა მინდა, სადაც მე-5 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით ბავშვების წლევანდელი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
– თქვენს ნამუშევრებში ბავშვებს ეროვნული სამოსი ამშვენებთ…
– ეს სერია ახლა დავიწყე და ჯერ ყველა კუთხის კოსტიუმი არ დამიმუშავებია. სამომავლოდ  კოსტიუმების დამუშავებას ვაპირებ.
საკმაოდ სწრაფად ვხატავ, აკადემიამ და ხატვაში გათენებულმა ღამეებმა გამომიმუშავეს… შეიძლება დღეში 10-მდე ჩანთა დავხატო.
– საინტერესოც იქნება ქართული სამოსი, თუნდაც ტურისტებისთვის.
– ბევრი გავყიდე, ტურისტები ძალიან ინტერესდებიან ჩემი ნამუშევრებით. ქართველებისგანაც არ ვგრძნობ უყურადღებობას, მაგრამ ტურისტები სხვანაირად აღიქვამენ…
– მათთვის სპეციალურად ღვინითაც დახატეთ…
 ნატურალური წითელი ღვინით შექმნილ თბილისის ხედებს იქვე ვჩუქნიდი უცხოელებს. წითელი ღვინით ჩანახატი რამდენიმე წუთში იხატებოდა და აღფრთოვანებულები უყურებდნენ პროცესსაც.
საქართველოს გიდების ასოციაციამ მიმიწვია ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 კონგრესზე, რომელშიც 5 კონტინენტიდან 300 გიდი მონაწილეობდა.
– რომელ ღვინოებს იყენებთ?
– სულ ერთია, რომელიმე ღვინის რეკლამას ვერ გააკეთებ, მთავარია იყოს წითელი ნატურალური წვენი. ამის შემდეგ უცხოელებისთვის  ღვინით ხატვის გაკვეთილების ჩატარების მასტერკლასები  შემომთავაზეს. როდესაც საკუთარი სახელოსნო მექნება, ალბათ ამ წინადებასაც შევასხამ ფრთებს.
ბოდიარტსაც ხატავთ,  შაბათ- კვირას ზოოპარკში მუშაობთ…
– ზოოპარკში უკვე წლებია, ვმუშაობ. ბავშვებს ვხატავ სახეზე, ასევე ხელის მოხატვებს, მაკიაჟს და გრიმებს. ჯერ კიდევ აკადემიაში მე-3 კურსზე ვიყავი, რომ გამოვედი ქუჩაში სახეების მოსახატად. კვირაობით რუსთაველის გამზირი იკეტებოდა, სეირნობის დღედ იყო გამოცხადებული, მაშინ გამოვდიოდით აკადემიის სტუდენტები და საღებავების და ფურცლების ფულს ვშოულობდით.
გერმანიაში  (იქ როგორი ხარისხიცაა, კი ხვდებით ალბათ) შევიძინე  საღებავები. მანამდე მიგზავნიდნენ. გერმანიაში ერთი პატარა ჩანთით წავედი და 2 უშველებელი ჩემოდნით ჩამოვედი.
– მინაზე თითებითაც ხატავთ…
– ახალი მიგნებაა ჩემს შემოქმედებაში. ჯერ მხოლოდ 3 ნახატი გავყიდე. ახლობლებმა შეიძინეს. ჯერ გამოფენებზე, ანუ გამოფენა-გაყიდვები არ მქონია.
– თქვენ წარდგენილი ხართ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე
– ეს ჩვენი სკოლის დირექტორის ქალბატონ  ნინო კაკულიას ინიციატივით მოხდა. ძალიან გამახარა მისმა სურვილმა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები