იუსტიციის მინისტრმა ამომრჩეველთა ელექტრონული სიების პრეზენტაცია გამართა
იუსტიციის სამინისტროში ამომრჩეველთა ელექტრონულ სიებში გაორებების აღმოფხვრის პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროგრამის შედეგები საზოგადოებას გააცნო.
„ჩვენ რამდენიმე თვეა, ვასრულებთ დანაპირებს − ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა! და 15 ივნისს საქართველოს პირველად ექნება ფოტოსურათიანი საარჩევნო სია. ეს გამორიცხავს იმას, რომ ერთმა ადამიანმა ხმა მისცეს ორ ან მეტ ადგილას. სწორედ ფოტოსურათიანი სიის შედგენის მიზნით განვახორციელეთ პროექტი, რომელიც დღეს დასრულდა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საარჩევნოდ ფოტოსურათიანი სიის მომზადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანხებით განხორციელდა და ბიუჯეტიდან პროექტისათვის არცერთი თეთრი არ დახარჯულა, ბიომეტრიული საარჩევნო სიის ღირებულება კი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი იყო.
პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა 4,348,919 საქმე შეისწავლეს და ფოტოსაძიებო სისტემის გამოყენებით, სავარაუდოდ, მსგავსი ჩანაწერები გამოავლინეს. სავარაუდო გაორებები 9595 დოკუმენტში აღმოჩნდა, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გადაიგზავნა. საბოლოოდ, 5537 მონაცემში გაორება არ დადასტურდა. გასწორდა არასწორად მიბმული 787 ფოტოსურათი; გაორება აღმოიფხვრა და ერთი დოკუმენტი 3271 შემთხვევაში გაუქმდა. მოქალაქეების ნაწილმა, რომლებსაც ერთზე მეტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აღმოაჩნდათ, ისარგებლეს საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ამნისტიით, რომელიც პირადი მონაცემების გაყალბებას ეხება და რომელიც 2014 წლის ბოლომდე მოქმედებს. იუსტიციის მინისტრმა მოუწოდა ყველა მოქალაქეს, ისარგებლონ უფასო პირადობის მოწმობების ან უფასო ფოტოების აქციით და არჩევნებამდე დარჩენილ დროში ესტუმრონ იუსტიციის სახლს, რათა 15 ივნისს შეძლონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.