თბილისის ზოოპარკში პირველი თოკების პარკი იხსნება
საქართველოში, თბილისის ზოოპარკში პირველი თოკების სათავგადასავლო პარკი Activity იხსნება. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გახსნის ცერემონია 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესაა დაგეგმილი.
პირველად, დაკიდული საბაგირო მარშრუტის დაბრკოლებებს ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე გადალახავს. 11:00, 12:00 და 13:00 საათებზე 3 ტურნირი ჩატარდება. 14:00 საათიდან კი პარკის მომსახურებით სარგებლობას უკვე ნებისმიერი მსურველი შეძლებს. Activity საქართველოში მსგავსი ტიპის პირველი ობიექტია. ეს არის მხიარული და აბსოლუტურად უსაფრთხო ატრაქციონი ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის, იდეალური ადგილი მეგობრებთან, ოჯახთან, კოლეგებთან ერთად თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებისთვის. ხეებს შორის დამონტაჟებული წინააღმდეგობების გადალახვა ერთნაირად სახალისოა როგორც ბავშვების, ისე უფროსებისთვის.
თოკების პარკი ჰაერში დაკიდული სხვადასხვაგვარი დაბრკოლებების ერთობლიობაა. მონაწილემ თავიდან ბოლომდე უნდა გაიაროს საბაგირო მარშრუტი. 1-დან 7 მეტრის სიმაღლეზე, ხეებზე დამონტაჟებული თოკების, ბადეების, ბეწვის ხიდებისა და ხის მორების კომბინაციით შექმნილი უჩვეულო ატრაქციონი სხვადასხვა სირთულის 3 მარშრუტს აერთიანებს:
Junior – ყველაზე მარტივი და სახალისო ტრასა ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. განთავსებულია 1,5 მეტრის სიმაღლეზე, Practic – 4-5 მეტრის სიმაღლეზე დაკიდული საშუალო სირთულის ტრასა ნებისმიერი ფიზიკური მომზადების მქონე ადამიანისთვის, Expert – ყველაზე საინტერესო მარშრუტი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის (სიმაღლე: 5-6 მეტრი). ეს მარშრუტი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს, მონაწილეს საცოც კედელზე გადასვლა, ტროსზე ველოსიპედით გავლა და ეკვილიბრისტიკის დაუფლება მოუწევს. თოკების პარკში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების (PETZL (საფრანგეთი) SINGING ROCK (ჩეხეთი) მიერ წარმოებული სერტიფიცირებული ალპინისტური აღჭურვილობა გამოიყენება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ალპინისტური ასოციაციების კავშირის სტანდარტებს. მარშრუტები უზრუნველყოფილია საიმედო, ორბაგირიანი სადაზღვევო სისტემით. გამოცდილი ინსტრუქტორები ყველა სტუმარს უტარებენ აუცილებელ ინსტრუქტაჟს.
„საქართველოში პირველი თოკების პარკის მოწყობა ზოოპარკში გადავწყვიტეთ, რადგან ეს თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცოცხალი ადგილია. ამ ეკოლოგიურად სუფთა ატრაქციონის შექმნას ზოოპარკის ადმინისტრაციაც დიდი სიხარულით შეხვდა, მით უფრო, რომ ეს სათავგადასავლო პარკი ცხოვრების აქტიური, ჯანსაღი წესის ერთგვარი პოპულარიზაციაცაა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ამგვარი პარკების აწყობის თანამედროვე ტექნოლოგია ხეების დაზიანების გარეშე იძლევა კონსტუქციების მონტაჟის საშუალებას. იმედია, თბილისელებისთვის თოკების სათავგადასავლო პარკი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი გახდება“, – განაცხადა ფირმა Activity-ის ტექნიკურმა დირექტორმა დიმიტრი ფედოტოვმა.